ჩვენ შესახებ

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი უკვე 22 წელია როგორც მოზრდილ, ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტების სამედიცინო დახმარებას ახორციელებს. მის სახელთან ასოცირდება ქვეყნის ნომერ პირველი კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისი, ჯო ენის სამედიცინო ცენტრი დაარსების დღიდან მაღალი პროფესიონალიზმისა და ლიდერი ბრენდის სინონიმად იქცა.


ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე აპარატურით. სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადის ტრეინინგებს და გადამზადების კურსებს უცხოურ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო თვით ცენტრს სტუმრობენ მსოფლიოს წარმატებული პროფესიონალები. 2017 წელში ჯო ენის სამედიცინო ცენტრში რამდენჯერმე ვიზიტი განახორციელა და სამედიცინო მომსახურება გაწია ისეთმა წამყვანმა უცხოელმა სპეციალისტებმა, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის წამყვანი კარდიოქირურგი კრისტოფერ ბარდი და საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური ­­ქირურგიის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპის ენდოკრინოლოგიური ქირურგიის ასოციაცის ხელძღვანელი, პროფესორი მეთე დურენი.


ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ერთერთ ინოვაციურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში პირველად ჩატარებული ნაყოფის გულის დიაგნოსტიკა, რომელიც დღემდე ყველაზე მოთხოვნად სერვისად ითვლება, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ასევე უცხოელ პაციენტებში.
ნაყოფის (იგივე ფეტალური) ექოკარდიოგრაფია არის კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში გამოვავლინოთ ნაყოფის გულის თანდაყოლილი პათოლოგიები (მათ შორის არითმიებიც), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალშობილთა სიკვდილიანობის სტატისტიკურ მაჩვენებელს.


თორაკალური ქირურგიის სამსახური ასრულებს ფილტვისა და აირსავალი გზების თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგიულ კორექციას, რისთვისაც სრულად იყენებს ცენტრის ისეთ მაღალტექნოლოგიურ მეთოდიკებს, როგორიცაა ექსტრაკორპორაციული მემბრანული ოქსიგენიზაცია, ფილტვის არტერიოგრაფია, ახალშობილებისა და მცირეწონიანი პაციენტების ფიბრობრონქოსკოპია ბრონქოგრაფიითა და შესაძლო სტენტირებით და სხვა. ჩვენი ცენტრის ბაზაზე სისხლის ხელოვნური მიმოქცევით ჩატარებულია ტრაქეისა და ბრონქების პლასტიკები მცირეასაკოვან (1 თვიდან 3 თვემდე) პაციენტებთან, განხორციელებულია რამოდენიმე ჩარევა ფილტვის არტერიო-ვენური მალფორმაციისა და ფილტვის სეკვესტრაციის დროს (რომლებიც განეკუთვნებიან იშვიათ თანდაყოლილ მანკებს). მათი ადრეული დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის შემდეგ პაციენტები პრაქტიკულად ჯანმრთელ კატეგორიაში გადადიან.

 

არითმოლოგიის სამსახური უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სპექტრს როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტთათვის. ცენტრში საქართველოში პირველად ჩატარებულია მუდმი პეისმეკერის იმპლანტაცია როგორც ეპიკარდული მიდგომით, ასევე ჰიბრიდული პროცედურის საშუალებით ელექტროდების იმპლანტაცია ტრანსატრიალური გზით. საქართველოში მხოლოდ ჩვენს ცენტრში ხორციელდება წინაგულოვანი ფიბრილაციის კათეტერული აბლაცია ფაზური რადიოსიხშირის PVAC Gold კათეტერის გამოყენებით.

 

ჯო ენის სამედიცინო ცენტრში არსებული სისხლის ბანკი ერთერთი ყველაზე მსხვილი სისხლის ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. ხარისხის კონტროლს 2012 წლიდან  ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ბრიტანული ორგანიზაცია “Randox laboratories Ltd“ ხარისხის გარე კონტროლის პროგრამა RIQAS-ით (Randox International Quality Assessment Scheme). ამას გარდა, 2017 წელს დამატებით, სისხლის ბანკმა მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს სამედიცინო დეპარტამენტის (EDQM) ხარისხის გარე კონტროლის მთელ რიგ B-PTS პროგრამებში (Blood Proficiency Testing Scheme).


ცენტრში მუშაობს ფსიქო-სოციალური სამსახური, რომელიც მთლიანად ორიენტრირებულია მცირეწლოვან პაციენტებზე. გამოცდილი და პროფესიონალ ფსიქოლოგთა გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ პატარა პაციენტებს შეუმსუბუქოს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი.


ცენტრი არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მუდმივად გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული სერვისით, თუმცა მის ძირითად მიმართულებად ამ დრომდე რჩება ყველა ასაკის პაციენტთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სრული სპექტრი. ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მოზრდილთა კარდიოლოგიურ დეპარტამენტს გააჩნია ევროპული ლაბორატორიული აკრედიტაცია. ბავშვთა და მოზრდილთა თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული ოპერაციების ხარისხის გარე კონტროლის შეფასება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება შეერთებული შტატების ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის მიერ, ხარისხის გაუმჯობესების საერთაშორისო კოლაბორაციის ფორმატში.


2017 წლის განმავლობაში ცენტრში განხორციელდა 18528 ამბულატორიული ვიზიტი, მათ შორის 5812 პირველადი. სტაციონარი გაშლილია 79 საწოლზე. წლის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 3007 პაციენტს, ჯამში ჩატარებულია მოზრდილთა და ბავშვთა 631 კარდიოქირურგიული ოპერაცია, 1170 ანგიოგრაფიული და 271 არითმოლოგიური გამოკვლევა. წლის განმავლობაში სტაციონარიდან გაწერილი პაციენტების მიერ გატარებულია 16124 საწოლდღე.


2018 წლიდან ცენტრის ამულატორიულ სერვისებს უკვე დაემატა პედიატრიული, ოტორინოლარინგოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური მიმართულებები.


ცენტრის პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ არის საქართველოს მოქალაქე, ცენტრს ხშირად მომართავენ როგორც მეზობელი, ასევე განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები.  ცენტრთან თანამშრომლობს საქართველოში უცხოელ დიპლომატთა წარმომადგენლობები (აშშ-ს, გერმანიის, იაპონიის საელჩოები) როგორც მათი თანამშრომლების, ასევე მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად.


ისტორია


ჯო ენის სამედიცინო ცენტრი 1996 წლის 16 სექტემბერს გაიხსნა. ეს იყო საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის ქირურგიის პირველი კლინიკა. ცენტრი დღემდე ჯო ენ მაქგოვენის სახელს ატარებს. ის წლების მანძილზე ჰოლივუდში მოღვაწეობა, შოუბიზნეს 1985 წლის შემდეგ ნელნელა ჩამოშორდა. სწორედ ამ პერიოდში ჯო ენ მაქგოვენი სანქტ-პეტერბურგში, კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევით გაიცნო ერთ-ერთი თარჯიმანი. მოგვიანებით შეიტყო, რომ მის შვილს გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. იმ დროს პატარა გოგონას მკურნალობა სანქტ-პეტერბურგში შეუძლებელი იყო, რის გამოც ჯო ენმა ის აშშ–ში წაიყვანა სამკურნალოდ. გულზე ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდა, რამაც ჯო ენ მაკგოვენს სანქტ–პეტერბურგში კარდიოქირურგიული კლინიკის შექმნა გადააწყვეტინა. მოგვიანებით ჯო ენის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მეტრეველი აშშ–ში შეხვდა ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი გამოთქვა სანქტ–პეტერბურგის ანალოგიური ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი საქართველოშიც შეექმნა. საქართველოში პროექტის განხორციელების მიზნით, ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაცია – “Global Healing”-ი შეიქმნა. 1993 წელს ქართველი ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი სასწავლებლად გაემგზავრა ჯო ენ მაქგოენის მიერ დაარსებულ კარდიოქირურგიულ კლნიკაში, სანქტ-პეტერბურგში.

საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიული სამსახურის შექმნის იდეას თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ამერიკიდან და ევროპიდან. ისინი აქტიურად ეხმარებოდნენ ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვაში.

ჯო ენ მაქგოვენი 23 სექტემბერს, საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის ქირურგიის კლინიკის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში სანქტ–პეტერბურგში, მის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში ინსულტით გარდაიცვალა. საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის ერთ–ერთი სულისჩამდგმელის და “გლობალ ჰილინგის“ პრეზიდენტის ანდერძის თანახმად მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისათვის გამოიყენეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილად გაიყო და კალიფორნიაში, სანქტ–პეტერბურგსა და თბილისში დაიკრძალა.