ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ფსიქო-სოციალური სამსახური ბავშვებსა და მათ ოჯახებს საავადმყოფო გარემოსთან, ჯანმრთელობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში ეხმარება.

რაში დაგეხმარებით

 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ საავადმყოფო და ექიმთან ვიზიტი უარყოფითად მოქმედებს როგორც თქვენს ბავშვზე, ასევე თქვენზე. ისიც ვიცით თუ რა იწვევს ამ სტრესს. ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ უარყოფითი ფაქტორები და შეგიმსუბუქოთ ჰოსპიტალიზაცია და ექიმთან ვიზიტი. ამ მიზნით გთავაზობთ სპეციალურ ფსიქო-სოციალურ პროგრამას, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში პედიატრიული ჰოსპიტლების სტანდარტად ჩამოყალიბდა.

ჩვენ გთავაზობთ

 

• მომზადებას ჰოსპიტალიზაციისათვის 

• დიაგნოზის ახსნას ასაკის, განვითარებისა და პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით

• სამედიცინო პროცედურებისათვის მომზადებას

• მშობლის განათლებას და ემოციურ მხარდაჭერას

• თერაპიულ თამაშებს

• განვითარებისა და ასაკის შესაბამისი თამაშებისა და სხვადასხვა აქტივობების ბალანსირებულ პროგრამას

რა დაგხვდებათ ჩვენთან

 

• თბილი გარემო და მხარდაჭერა

• ორი სათამაშო ოთახი, რომელიც საავადმყოფოს უცხო გარემოს თქვენთვის და თქვენი შვილისთვის უსაფრთხო გარემოდ აქცევს.

• ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისი და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სათამაშოები.

 

                                                      მომზადება ჰოსპიტალიზაციისათვის 

 

უცხო სამედიცინო გარემოსა და პროცედურებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, შფოთი, შეკითხვები, ჰოსპიტალიზაციის მოლოდინში მყოფი ადამიანის ბუნებრივი რეაქციებია.

საავადმყოფოში დაწოლამდე შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან, გაეცნოთ კლინიკის ცხოვრებას და მიიღოთ პასუხები ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე.

 

დიაგნოზის ახსნა

 

დაგეხმარებით უკეთ გაიგოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მკურნალობის პროცესი. ეს გულისხმობს ყველა პაციენტისათვის გასაგებ ენაზე და მისაღები ფორმით დიაგნოზის, მოსალოდნელი პროცედურებისა და ქირურგიული მკურნალობის ახსნას.

სამედიცინო პროცედურებისათვის მომზადება

 

ჰოსპიტალიზაციისა და პროცედურებისთვის ბავშვის მომზადებას სხვადასხვა აქტივობებითა და საშუალებებით ვახორციელებთ, რაც გულისხმობს პროცედურებთან დაკავშირებული ტკივილისა და შფოთის შემცირებას. ინდივიდუალური დაძლევის მექანიზმების გაძლიერებას.

მომზადების და ახსნის დროს მნიშვნელოვანია ბავშვის აქტიური ჩართვა. პატარებთან კომუნიკაცია ეფექტურია, როდესაც ეს პროცესი თამაშით და საგნებთან უშუალო კონტაქტით მიმდინარეობს. ამიტომ ბავშვს კონკრეტული სამედიცინო საგნებითა და მასალებით ვათამაშებთ, რათა უშუალოდ გამოსცადოს ერთი შეხედვით საშიში საგნები, რომლებიც ძალიან მალე თამაშის პროცესში იცვლიან თავის მნიშვნელობას და ემოციურ დატვირთვას. ასეთი თამაშები ბავშვებს სხვადასხვა სტრესული სამედიცინო სიტუაციების დაძლევაში ეხმარება.

მშობლის განათლება და ემოციური მხარდაჭერა

იმის ცოდნა თუ რა ქცევაა მოსალოდნელი ამა თუ იმ ასაკის ბავშვისგან, მშობელს ეხმარება ბავშვთან ურთიერთობისას სწორი სტრატეგიის შერჩევაში და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე ვცდილობთ ემოციური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ პაციენტსა და მის ოჯახს სტრესული პროცედურების დროს.

 

თერაპიული თამაშები

 

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ბავშვისთვის ნაკლებად ტრავმული იყოს ჰოსპიტალიზაცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მკურნალობა. ვეხმარებით ბავშვებს ემოციურად შეეგუონ საავადმყოფოს გარემოს, თერაპიული თამაშის საშუალებით დაძლიონ სტრესული სიტუაციები და გადალახონ წინააღმდეგობებითამაში ისედაც ყველა ბავშვისთვის განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ჰოსპიტალიზაციის დროს.

 

განვითარების შესაბამისი სათამაშო პროგრამები და სხვადასხვა აქტივობები

 

ოჯახის გარემოს, მეგობრებს, სკოლასა და გარე სამყაროს მოწყვეტილი ბავშვი ბუნებრივი განვითარების კრიზისს განიცდის. ჩვენ, საავადმყოფოს გარემოში ყველა ბავშვს ვუზრუნველყოფთ ოპტიმალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სათამაშოებით, თამაშებითა და აქტივობებით.