ჯოენის სამედიცინო ცენტრის  ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი საქათველოში ახალშობილთა და ბავშვთა კარდიოქირურგიაში  ერთადერთი სამსახურია,  აგრეთვე, ლიდერია  მოზრდილთა კარდიოქირურგიული პაციენტების  ამავე სერვისში.  

1996 წელს დაფუძნდა  ახალშობილთა/ ბავშვთა   და 2000 წელს დაემატა მოზრდილთა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი.  ორივე ერთეული  მუშაობს როგორც ერთი მთლიანი სამსახური.

ჩვენი  დეპარტამენტი ყოველწლიურად  დაახლოებით 500- მდე კარდიოქირურგიული პროცედურის შემდგომ პედიატრიულ პაციენტს ემსახურება.  ჩვენი პაციენტები წარმოადგენენ საქართველოს ყველა რეგიონს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებს.

ჩვენ ვმკურნალობთ არა მარტო კარდიოქირურგიული პროცედურის შემდგომ მდგომარეობას, არამედ გულის არა ქირურგიული პრობლემის მქონე იმ პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარება.

ჩვენი დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მკურნალობის მაღალ ხარისხს.

ჩვენთან შესაძლებელია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება, იქნება ეს პერიტონეალური დიალიზი თუ ჰემოდიალიზი და ულტრაფილტრაცია. აღსანიშნავია, რომ,  2006 წლის თებერვლიდან მოქმედებდა და ამჟამად განახლების პროცესშია  სიცოცხლის ექსტრაკორპორული შენარჩუნების / ELSO / პროგრამა. ამ მეთოდიკის წყალობით,  ჩვენ ვემსახურებოდით და მომავალშიც მოვემსახურებით  იმ ახალშობილებს და ბავშვებს, რომელთა სიცოცხლის შენარჩუნება საჭიროებს ექსტრაკორპორულ მემბრანულ ოქსიგენაციას. ჩვენს განყოფილებაში შესაძლებელია პულმონალური ჰიპერტენზიის შემთხვევაში გამოვიყენოთ  აზოტის ოქსიდი .

ჩვენი სამსახურის მთელ შემადგენლობას კარგად აქვს გათვითცნობიერებული პატარა პაციენტის ოჯახის მძიმე სტრესული მდგომარეობა, რომლის შემსუბუქების მიზნით პაციენტის მშობლებს და ნათესავებს მხარში უდგას სამედიცინო ფსიქოლოგის სამსახური.

მოზრდილთა კარდიოქირურგიაში  ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი ყოველწლიურად  200- მდე კარდიოქირურგიულ პაციენტს ემსახურება.  ცენტრის ამ ნაწილში პაციენტი არა მარტო გულის ოპერაციის შემდგომ ხვდება, არამედ აქ სპეციალური სამედიცინო დახმარება უტარდებათ არაქირურგიული კარდიოლოგიური ინტენსიური თერაპიიდან გადმოყვანილ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა პაციენტს;

ჩვენს დაწესებულებაში  24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია  სხვადასხვა სამედიცინო დარგის  ექიმების  კონსულტაცია.