ბლოგი

ინტენსიური თერაპიის პატარა პაციენტთა ფსიქო-სოციალური საჭიროებები 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს სამედიცინო სერვისებთან ინტეგრირებული ფსიქო-სოციალური სამსახური. ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე, მათთან კომუნიკაციის მეთოდებზე, ფსიქოლოგიურ  მხარდაჭერაზე და რთული დღეების მსუბუქად გადატანის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტი თამთა მჭედლიშვილი. 

რა სირთულეების წინაშე დგანან ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში?

ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება და მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილებაა. ბავშვის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, ამ გამოცდილებას შევხედოთ მისივე პერსპექტივიდან: რას გრძნობს, რას განიცდის, რას ხედავს და რისი შესაძლებლობა აქვს მას. ამ განყოფილებაში ბავშვებს, როგორც წესი, მშობლის გარეშე უწევთ ყოფნა. მათ  ყოველდღიურად უტარდებათ მათთვის საშიში, არასასიამოვნო და ზოგჯერ მტკივნეული მანიპულაციები, რაც მათი გამოჯანმრთელებისთვის მნიშვნელოვანია.

აქ ბავშვები მოკლებულნი არიან ნორმალური განვითარების შესაძლებლობას: ეზღუდებათ მოძრაობა, გადაადგილება, თამაში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა. უწევთ უცხო ადამიანებთან (მედ-პერსონალთან) ურთიერთობა. გამუდმებით ესმით აპარატურის ხმები. ერევათ ჩვეული რუტინა და ა.შ.

აღნიშნული გამოცდილება განაპირობებს ძლიერი შიშის, დაუცველობის, მიტოვებულობის, უმწეობის განცდას, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე, განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე.

როგორ შეგვიძლია ამ გამოცდილების შემსუბუქება და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება?

უნდა შევეცადოთ, რომ გამოცდილება მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული და უმტკივნეულო გავხადოთ. ეს შესაძლებელია თამაშით, რაც ხელს უწყობს ნორმალურ განვითარებას, ეხმარება ემოციებთან გამკლავებასა და გამოცდილების გააზრებაში; ასევე, არჩევანის მიცემით, მშობლის ჩრთულობის ხელშეწყობით; პროცედურის გადავადებით, (თუ სასწრაფო-გადაუდებელი არ არის). ხშირად ბავშვებისთვის შეიძლება სიმშვიდისა და შვების მომგვრელი იყოს ძალიან მარტივი მოქმედებები, როგორიცაა მათთან ახლოს ყოფნა, ხელის ჩაჭიდება, მოფერება და ამბების მოყოლა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ფსიქო-სოციალური სერვისის სპეციალისტი ინტენსიური თერაპიის განყოფილების მედ-პერსონალთან შეთანხმებულად მუშაობს – პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მათგან იღებს ინფორმაციას და გეგმავს მხარდამჭერ და განვითარების ხელშემწყობ ინტერვენციებს, რომლებიც განსხვავდება ასაკისა და საჭიროებების მიხედვით.

როგორ განსხვავდება მხარდაჭერის გზები ასაკის მიხედვით?

ჩვილებისათვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური შეგრძნებების მიღება – მოფერება და ნაზი ხმით საუბარი; თუ შესაძებელია ხელში აყვანა და ჩახუტება; კომფორტული პოზირება; საწოვარას, მუსიკალური და ფერადი სათამაშოების მიწოდება და თამაში. სასურველია, ფრთხილად და ნელა მივუახლოვდეთ, მშვიდი ხმითა და მზრუნველობითი შეხებით შევამზადოთ მანიპულაციებისთვის. მანიპულაციის დროსაც და შემდეგაც ემოციური მხარდაჭერა, მაქსიმალური კომფორტის შექმნა ჩვილებს ეხმარება უკეთესად გამკლავებაში. რამდენადაც შესაძლებელია, უნდა დავიცვათ ისინი ჭარბი სტიმულებისგან, როგორებიცაა მკვეთრი განათება, ხმაური, ხმამაღალი საუბარი და ა.შ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის გვერდით ყოფნა და თამაში გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. მანიპულაციების პარალელურად ემოციური მხარდაჭერა, მოსალოდნელი პროცესების გახმოვანება და ზრუნვის შეგრძნება დადებითად ცვლის ბავშვების გამოცდილებას. ასევე, მნიშვნელოვანია შეხსენება, თუ რატომაა მშობლის გარეშე და როდის ნახავს მათ; ვინ იზრუნებს მათზე, სანამ მშობლები არ არიან გვერდით. 

სასკოლო ასაკისა და მოზარდებისთვის აუცილებელია ემოციური მხარდაჭერა და განმარტება, თუ რა ეტაპზეა მკურნალობა, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა მანიპულაციები უტარდებათ,  რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ აპარატს და აღჭურვილობას; როდის შეეძლება ოჯახთან შეხვედრა ან ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვება; ვის უნდა მიმართოს, როცა რამე სჭირდება ან აწუხებს. ასევე, შესაძლებელია ისეთი თამაშების, გაჯეტებისა და აქტივობების შერჩევა, რომელიც მწოლიარე მდგომარეობაში შეიძლება გამოიყენოს.

ხშირად, ძალიან პატარა მოქმედებები შეიძლება ბავშვებისთვის შვებისა და სიმშვიდის მომგვრელი იყოს, უბრალოდ მათთან ახლოს ყოფნა, მათი ხელის ჩაჭიდება, მოფერება, ამბების მოყოლაც საკმარისია. 

რამდენად ზრუნავს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე?

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობენ ფსიქო-სოციალური სპეციალისტები. მათი მიზანია სტრესის მინიმალიზება და ამ გამოცდილების გარდაქმნა განვითარების ხელშემწყობად. სწორი მხარდაჭერით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციებისა და განვითარებისთვის აუცილებელი სტიმულების საშუალებით, ბავშვები და მოზარდები არამხოლოდ ამ გამოცდილებას უმკლავდებიან, არამედ ივითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარებათ რთული სიტუაციების დაძლევაში.