.

ჯო ენ მაკგოვენი – ქალბატონი, ვის სახელსაც ატარებს დღეს ჯო ენის სამედიცინო ცენტრი.

1939 წლის 18 ივლისს, აშშ-ში, კალიფორნიაში დაიბადა ქალბატონი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის სისტემის შექმნაში.

ჯო ენ მაკგოვენი წლების მანძილზე ჰოლივუდში მოღვაწეობდა, თუმცა ჰოლივუდს 1985 წლის შემდეგ ნელ-ნელა ჩამოშორდა. ამ პერიოდში, ჯო ენ მაკგოვენი სანქტ-პეტერბურგში კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც გაიცნო ერთ-ერთი თარჯიმანი, რომლის შვილსაც გულის მანკი ჰქონდა. იმ დროისათვის სანქტ-პეტერბურგში გულის მანკზე მკურნალობა შეუძლებელი იყო.  ჯო ენმა პატარა გოგონა აშშ-ში წაიყვანა სამკურნალოდ. გულზე ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ, გოგონა სრულიად გამოჯანმრთელდა,  ჯო ენ მაკგოვენმა კი სანქტ-პეტერბურგში კარდიოქირურგიული კლინიკის შექმნა გადაწყვიტა.

მოგვიანებით, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მეტრეველი აშშ-ში შეხვდა ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი  გამოთქვა სანქტ-პეტერბურგის ანალოგიური ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი საქართველოშიც დაეფუძნებინა. საქართველოში პროექტის განხორციელების მიზნით, ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაცია – “Global Healing” -ი შეიქმნა.   1993 წელს ქართველი ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი სასწავლებლად გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, ჯო ენ მაკგოვენის მიერ დაარსებულ კარდიოქირურგიულ კლინიკაში.

საქართველოში, ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის შექმნის იდეას, თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ამერიკიდან და ევროპიდან. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდის დანერგვის პროცესში.

ჯო ენ მაკგოვენი 1996 წლის 23 სექტემბერს, საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის ქირურგიის კლინიკის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში, სანქტ-პეტერბურგში, მის მიერვე დაფუძნებულ კლინიკაში, გულის ინსულტით გარდაიცვალა.

ჯო ენ მაკგოვენის – საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის და „გლობალ ჰილინგის“ პრეზიდენტის ანდერძის თანახმად, მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილად გაიყო და კალიფორნიაში, სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კლინიკის ეზოში) დაიკრძალა.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი „ააიპ“ იურიდიული სტატუსის მქონე, ვიწროსპეციალიზირებული ტერციალური სასწავლო დაწესებულება.

ცენტრი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.

ცენტრი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი.  ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

დაწესებულების სტრატეგიას წარმოადგენს საქართველოში ბავშვთა ასაკის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის და თანამედროვე მკურნალობის უზრუნველყოფა. ამ ამოცანის გადაწყვეტის მთავარი გასაღები – დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო საგანმანათლებლო საქმიანობაა. მაღალი კლასის თაობათა აღზრდა კი, მისი ტრადიციაა.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სახელთან ასოცირდება ქვეყნის ნომერ პირველი კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისები, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. კლინიკაში ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ურთულესი სამედიცინო ჩარევები, გარდა გულის ტრანსპლანტაციისა. ჯო ენის სამედიცინო ცენტრი, დაარსების დღიდან მაღალი პროფესიონალიზმისა და ლიდერი ბრენდი სინონიმად იქცა.

ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე აპარატურით. სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადის ტრეინინგებს და გადამზადებუს კურსებს უცხოურ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო თვით ცენტრს სტუმრობენ მსოფლიოს წამყვანი, წარმატებული სპეციალისტები ევროპიდან და ამერიკიდან.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი მუდმივად გამოირჩევა პაციენტზე მორგებული სერვისებით.  მის ერთერთ ძირითად მიმართულებად, ამ დრომდე რჩება, ყველა ასაკის პაციენტთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სრული სპექტრი. კლინიკაში მუდმივად შემოგვაქვს და ინერგება მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები. ბავშვთა და მოზრდილთა თანდაყოლილი მანკების  კარდიოქირურგიული ოპერაციების ხარისხის გარე კონტროლის შეფასება უწყვეტ რეჟიმში ხოპრციელდება შეერთებული შტატების ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს მიერ, ხარისხის გაუმჯობესების საერთაშორისო  კოლაბორაციის ფორმატში.

© Copyright 2022 Powered By ინტერიერის დიზაინი
T:0322 22 22 11