ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია


ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დაარსება ჯო ენ მაკგოვენის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის სისტემის შექმნაში.
1996 წლამდე საქართველოში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობდა და ამ პრობლემით დაბადებული ბავშვების უმრავლესობა ზრდასრულ ასაკამდე ვერ აღწევდა. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება იყო.
ახალგაზრდა ქართველი ქირურგი ირაკლი მეტრეველი, რომლის ოცნებაც საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის დაფუძნება იყო, 1992 წელს აშშ-ში შეხვდა ამერიკელ ქალბატონს ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი გამოთქვა, სანკტ-პეტერბურგში უკვე მოქმედი ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის ანალოგი საქართველოშიც შეექმნა. ენთუზიასტთა მონდომებამ და უცხოელი პარტნიორების თანადგომამ, შედეგი გამოიღო.
საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული ბავშვებისთვის ახალი ერა დაიწყო.

 1996 წლის 16 სექტემბერს თბილისში ჯო ენის კლინიკა დაარსდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. ამავე წელს გულის მანკით დაბადებულ ბავშვებზე პირველი ოპერაციები ჩატარდა.