პაციენტობიდან თანამშრომლობამდე
ნათია მალიძის 26-წლიანი ისტორია ჯო ენში
პაციენტობიდან თანამშრომლობამდე — ნათია მალიძის 26-წლიანი საოცარი ისტორია ჯო ენში ნათია მალიძისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მეგობრობა უკვე მთელ 26 წელს ითვლის. ეს არის ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულზე, ერთგულებასა და სიცოცხლის გადარჩენაზეა როდესაც 1,5 წლის ნათიას გულზე პირველი ოპერაცია გაუკეთეს, ჯო ენის კლინიკა ჯერ კიდევ არ არსებობდა. გერმანიიდან ჩამოსულმა ქირურგმა მას ოპერაცია სხვა კლინიკაში ჩაუტარა, სადაც მუშაობდა კარდიოქირურგი ავთანდილ ცინცაძე. წლების შემდეგ, ჯო ენ-ში პირველად მოსული ნათია ბატონმა ავთომ შეხვედრისთანავე იცნო! 10 წლის ნათიას გულზე მეორე, ხოლო ერთ წელიწადში მესამე ოპერაციაც სწორედ ავთანდილ ცინცაძემ გაუკეთა. ექიმის და ექთნების პროფესიონალიზმზე ბევრად მეტი იყო ის, რომ — ბატონი ავთო და კლინიკის ექთნები ნათიასთვის უანგარო დონორებიც კი გახდნენ. იმ ორ წელში, სანამ ნათიას გულზე მკურნალობდნენ, ჯო ენის კლინიკა მისთვის ნამდვილ სახლად იქცა. ის დაუმეგობრდა ყველას: ექიმებს, ექთნებს, პაციენტებს და ფსიქოლოგს. ბავშვთა კარდიოინტერვენციონისტი, ვახტანგ ხელაშვილი, ნათიას ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ფიგურა და მთავარი ექიმი იყო მისთვის. ის აკონტროლებდა მის გულს. დღეს ნათია რომ დედა არის, ამ უდიდეს ბედნიერებას სწორედ ბატონ ვახტანგს უმადლის. 4 თვის წინ ნათია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დიდი ოჯახის წევრი გახდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სანიტრად დაიწყო მუშაობა. მან წრე შეკრა — სადაც ერთ დროს სიცოცხლე აჩუქეს, იქ თავად დაიწყო სხვებზე ზრუნვა. თუმცა, ახლა მის ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპი დგება, ნათია პროფესიით მუსიკოსია, და ამ მიმართულებით იმუშავებს. ამიტომ, დიდი სიყვარულით გვემშვიდობება ყველას. ის რჩება ჯო ენის უპირველეს, ერთგულ მეგობრად და მადლიერ პაციენტად. წარმატებები ნათიას ახალ გზაზე! ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარი მისთვის მუდამ ღიაა!
