klinikis shesaxeb
გაიგე ინფორმაცია

ჰოსპიტლის შესახებ

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 1996 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. 2023 წლიდან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა შეიძინა C ტიპის შერეული მრავალპროფილური სტაციონარის სტატუსი. შესაბამისად, გაიზარდა კლინიკაში არსებული სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური; მოზრდილთა და ბავშვთა (გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დეპარტამენტი) ამბულატორია; სტაციონარი; ქირურგიული სამსახური; კრიტიკული მედიცინის სამსახური; კლინიკური ლაბორატორია;  ფსიქო-სოციალური სამსახური. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის და ავადობის მაჩვენებელი. ჰოსპიტალი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა, რომელშიც გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ყველანაირი სირთულის ოპერაცია კეთდება (გარდა გულის გადანერგვისა). ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა თავისი 28-წლიანი მუშაობით, წარმატებული ოპერაციებით, გადარჩენილი სიცოცხლის და გამოჯანმრთელებული გულის სტატისტიკით ქვეყანაში დაიმკვიდრა ბავშვთა კარდიოქირურგიაში უკონკურენტო სამედიცინო დაწესებულების სახელი. გარდა ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიისა, ჰოსპიტალში სრული დატვირთვით მუშაობს ანგიოქირურგიული მიმართულება. პარალელურად ფუნქციონირებს თერაპიული და ნევროლოგიური სამსახური. ჰოსპიტალი ჩართულია ინსულტის მართვის 2-დონიან სისტემაში, კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები. გვაქვს ახალი ექოსკოპიური აპარატები, მე-8 თაობის ნეირონავიგაციის აპარატი, ელექტრონული მიკროსკოპი, ლაზერის აპარატი, ელექტროენცეფალოგრაფიის აპარატი, ანტიარითმიული აპარატი და მაღალტექნოლოგიური სერვისებისთვის საჭირო სხვა აპარატურა. 

ჩვენი მისიაა პროფესიონალთა გუნდის მიერ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ინოვაციური,მაღალტექნოლოგიური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისებით. ხედვაა, გავაუმჯობესოთ, დავნერგოთ და განვავითაროთ ახალი სერვისები მსოფლიოში აღიარებული მეთოდების შესაბამისად. 

 

1996
დაარსების წელი
48
ასოცირებული ექიმი

ჰოსპიტლის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პროფესიონალიზმი – კომპეტენცია, გამოცდილება – სანდოობა, ეთიკის კულტურა – ხარისხი, პაციენტის მიმართ ემპათია – ზრუნვა.

ჰოსპიტალში  შექმნილია ეთიკის კომიტეტი, ასევე, ფუნქციონირებს პაციენტთა საბჭო. სწორედ პაციენტთა საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით ვხვეწავთ და ვქმნით ისეთ ხელმისაწვდომ და ინფორმაციულ გარემოს, რაც ზრდის პაციენტთა კმაყოფილებას.  ჰოსპიტალში შშმ პაციენტისთვის შექმნილია შესაფერისი გარემო, ასევე თანაბარი პირობებია შექმნილი როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, ასევე, რელიგიური უმცირესობისთვისაც. არსებობს პაციენტთა და მათ ახლობელთა განმარტოების ოთახი და მოსასვენებელი სივრცე.

ჰოსპიტალი ჩართულია ყველა იმ სამედიცინო პროგრამაში, რასაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ წარმოებული ანგარიშების და დაავადებათა სტატისტიკის საფუძველზე ვაკეთებთ ანალიზს და ვცდილობთ, ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რის წინაშეც ქართული ჯანდაცვა დგას. რეგიონების მიხედვით ვსწავლობთ არსებულ მდგომარეობას, მაგალითად, გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გავრცელების არეალს. სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით ვგეგმავთ რეგიონებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით გასვლით უფასო აქციებს. ასევე, ვსწავლობთ დაავადებებს და მოსახლეობის საჭიროებებს. სწორედ ამ მიზნით, სამომავლოდ იგეგმება ბავშვთა ონკოლოგიის განვითარება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამედიცინო სერვისების მიწოდება, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას USAID. გვაქვს ამბიცია, რომ ბავშვთა ონკოლოგიაშიც ისეთივე წარმატებულები ვიყოთ, როგორც  ბავშვთა კარდიოქირურგიაში.

სამომავლოდ დაგეგმილია პაციენტთა მოვლისა და მკურნალობის ახალი სტანდარტების დანერგვა, სამედიცინო სერვისების გაფართოება, საწოლფონდის ზრდა და ახალი სერვისების დანერგვა.

klinikis shesaxeb 2