სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრა

🏥🧑‍⚕️👨‍⚕️ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩაერთო.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს სტუმრობდა და სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
📍 პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძემ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურ დირექტორთან ზაზა სოფრომაძესთან და ჰოსპიტლის ექიმებთან ერთად განიხილა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები. დაათვალიერა დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის სივრცეები და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ და ზაზა სოფრომაძემ ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე.
☝️მინისტრის განცხადებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, – მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
აქვე აღასანიშნავია, რომ მინისტრმა შეხვედრაზე გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის მიმართულებით, სახელმწიფო დაფინანსების მხრივ არსებული დეფიციტის აღმოფხვრაზე და გაზრდაზე ისაუბრა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მართვის შესაძლებლობებს.