ბლოგი

თენგიზ შირიაევი – ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელ მანკს როგორ და რა ვადაზე ვუმკურნალოთ, წინასწარ ვიცით 20-25 წლის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება და რა სტატუსი ექნება – ეს არის ამ საუკუნის ყველაზე დიდი სამედიცინო მონაპოვარი…

tengiz-shiryaev

სრული პასუხისმგებლობით, შემიძლია ვთქვა  – ბავშვთა გულის ქირურგია, ასევე მოზრდილთა გულის ქირურგია ისევე კარგად არის საქართველოში განვითარებული, როგორც ნებისმიერ, მსოფლიოს სხვა წერტილში, მეტსაც გეტყვით, ბევრად უკეთ, ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილში, – აცხადებს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის სამსახურის უფროსი, ბავშვთა კარდიოქირურგი თენგიზ შირიაევი.

 

  1. რამდენიმე წლის წინ ფრაზა: გულის თანდაყოლილი მანკი აქვს ბავშვს იყო ერთგვარი ვერდიქტი და არ იძლეოდა ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას, რა შეიცვალა ამ კუთხით დღეს და რა რეალობა გვაქვს ამ მხრივ?

უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენა რომ გვქონდეს, გულის თანდაყოლილ მანკს ახასიათებს გულის განვითარების ანომალიები, ანუ გული ანატომიურად  არასწორად ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, ეს შეიძლება იყოს გულის სტრუქტურების ანომალური ჩამოყალიბება, ძგიდეების, სარქვლების და გულთან ახლოს მდებარე სისხლძარღვების.  გულის თანდაყოლილი მანკი ეს არის ყველაზე ხშირი ანომალია თანდაყოლილ ანომალიებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ყოველთვის შიშის მომგვრელი იყო იყო მშობლისთვის თუ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა ძალიან ცუდ პერსპექტივას მათი შვილისთვის, თუმცა ბოლო 50 წელიწადია, რაც ვითარება გაუმჯობესდა. ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა ამ მხრივ მსოფლიოში. ტექნოლოგიები განვითარდა არანორმალური სისწრაფით და დღესდღეობით ძალიან მარტივად შეგვიძლია ვუმკურნალოთ და გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ბავშვები გადავიდნენ ჯანმრთელ კატეგორიაში  მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ასევე მნიშვნელოვანია სეგმენტირება,  იმიტომ, რომ არსებობს გულის თანდაყოლილი მანკები, რომელსაც ჩვენ ძალიან  მარტივად, ერთი ან ორი ოპერაციით მოვარჩენთ და ბავშვებს უკვე პროფესიული სპორტის შეზღუდვაც კი აღარ აქვთ ხოლმე, თუმცა არსებობს მცირე ნაწილი მანკებისა, როდესაც პაციენტს ესაჭიროება რამდენიმე ოპერაცია და ასეთ დროს, მშობლებს მოვუწოდებთ, ხოლმე  რომ  ბავშვები, ტრამვული თუ მაღალი ფიზიკური დატვირთვის სპორტით არ დაკავდნენ, თუმცა თანატოლებთან ერთად ხტუნვა-თამაში რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ.  ეს არის ამ საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევა მედიცინაში.

  1. მედიცინაში ეს ყველაზე დიდი მონაპოვარი რისგან არის გამოწვეული, ეს არის ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე, თუ ზოგადად, ცნობიერების, ინფორმაციების ხარჯზე.

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა ეს ყოველივე, თუმცა  დიდწილად, ეს არის პიონერების და დიდი მეცნიერების თავიდან დაგროვებული ცოდნისა თუ გამოცდილების შედეგი.  შემდგომ  ცოდნა გადავიდა გამოცდილებაში, და დღესდღეობით, ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელ მანკს როგორ და რა ვადაზე ვუმკურნალოთ  და რა შედეგს უნდა ველოდოთ, წინასწარ ვიცით 20-25 წლის შემდეგ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება და რა სტატუსი ექნება.

  1. თუკი ბავშვს აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, (რაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვადასხვა ფაქტორების წყალობით, შედარებით, ადვილად სამართავია), უწევს თუ არა სამედიცინო დაწესებულება პაციენტს სამედიცინო მეურვეობას 20-25 წლის მანძილზე?

განვმეორდები, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ტიპის გულის თანდაყოლილი მანკი აქვს პაციენტს. ჩვენთვის საზოგადოებისთვის, გულის თანდაყოლილი მანკი არის ფრაზა, რომელიც ყველაფერს მოიცავს, თუმცა გულის თანდაყოლილკი მანკი მოიცავს სხვადასხვა ვარიაცებს – ძალიან მარტივიდან კატასტროფულად რთულ სიტუაციამდე კი. ჩვენი ძირითადი საქმიანობიდან,  უმეტესობა არის შემთხვევები, როდესაც ერთ ოპერაციას გავაკეთებთ და ბავშვი მთელი ცხოვრება არის ჯანმრთელი. ასევე არსებობს მანკები, როდესაც აუცილებელია, წელიწადში ერთხელ კონტროლი, დინამიკაში დაკვირვება ან შესაძლებელია კიდევ დაიგეგმოს ერთი ოპერაცია, ან არაოპერაციული ჩარევაც კი. ბოლო წლებში ძალიან განვითარდა ოპერაციის გარეშე ჩარევები, ჩვენთანაც და   მსოფლიოშიც,  მაგრამ კონტროლი მნიშვნელოვანია.

  1. გულის თანდაყოლილი მანკის დროს, ჩარევების დიდი წილი მოდის ქირურგიულ ქმედებაზე?

ჯერჯერობით დიახ, ასეა.

  1. ამაში განვითარებული ტექნოლოგიები გეხმარებათ და გიადვილებთ საქმიანობას?

თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის და გვიმარტივებს  რომ გავაკეთოთ      ახალშობილებში, დღენაკლ და მცირეწონიან პაციენტში, რთული, მასშტაბური ოპერაციები. ეს მარტო მონდომებით და ჩვენი სურვილით რა თქმა უნდა,  ვერ მოხდებოდა. ამისათვის გვჭირდება ძალიან თანამედროვე და ძალიან განვითარებული ტექნოლოგია.

  1. ადრე იყო გამოცდილება და ცოდნა, მაგრამ არ არსებობდა ინსტრუმენტული შესაძლებლობა იმისა, რომ გაკეთებულიყო ასეთი მასშტაბების ოპერაცია.

საუკუნეების განმავლობაში უნდოდათ, რომ მსგავსი ოპერაციები ჩატარებულიყო, თუმცა შესაბამისი აპარატურის არქონის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს და გარედან ძალიან რომანტიულად ჟღერს, როდესაც პატარა ბავშვს უკეთებ გულის ოპერაციას.  მთელს მსოფლიოში ასეთი ოპერაციები მიღებული პრაქტიკაა.

  1. ჰოსპიტალი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ჩვენს აღქმაში გულის პრობლემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ობიექტი იყო ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული. თქვენ ახლა ისაუბრეთ მედიცინაში  გულის თანდაყოლილ მანკთან სამედიცინო ბრძოლის საშუალებებზე, ასეთი ევოლუცია გასაგებია და ლოგიკურია. მოწინავე ქვეყნებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, უფრო გაადვილებულია და შემდეგ წარმატებული პრაქტიკა განივრცობა ხოლმე, რაც  გაზიარებულია კოლკეგებისთვის. თქვენთან ჰოსპიტალში თუ გაქვთ ამ მხრივ დაგროვებული გამოცდილება და ისტორია ლოკალურად როგორია ამ თვალსაზრისით?

1996 წელს  საქართველოში გაიხსნა ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი, მანამდეც კეთდებოდა გულის თანდაყოლილ მანკებზე ოპერაციები, თუმცა ეს კეთდებოდა ერთ საავადმყოფოში ვიზიტორი ქირურგების მიერ – შერჩეული ოპერაციები, მხოლოდ შერჩეული პაციენტებისთვის.

მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი, შეიქმნა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის ერთიანი სისტემა, რაც მანამდე საქართველოში და რეგიონში არ არსებობდა.  შესაბამისად, 1996 წლიდან ერთიანად დაიწყო ამ პრობლემის ასე მასშტაბურად მოგვარება. თავდაპირველად, ჰოსპიტალი გაიხსნა მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის, რომელთაც ჰქონდათ გულის თანდაყოლილი მანკი. ეს მოხდა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, ამერიკელი ფილანტროპი ქალბატონის, ჯო ენ მაკგოვენის უშუალო ჩართულობითა და სურვილით, რომ ბავშვები აღარ დაღუპულიყვნენ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.  მისი ცხოვრების ბოლო პერიოდიც, სწორედ ამ დიდ საქმეს მიეძღვნა.  ეს იყო ამერიკელების და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი,  და ორ ქვეყანას შორის დიდი მეგობრობის შედეგი. სწორედ ამერიკიდან ჩამოვიდნენ  ახლადგახსნილ ჯო ენის საუნიევრსიტეტო ჰოსპიტალში იმ პერიოდის დარგის წამყვანი სპეციალისტები სტენფორფის ბავშვთა საავადმყოფოდან და აქტიურად ჩაერთვნენ სისტემის ამოქმედებაში. იმ დროისათვის უახლესი აპარატურა, თანხები, ყველა საჭირო ინვენტარი  მობილიზდა ამერიკის დახმარებით.  სწორედ ეს ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, გაგრძელდა და დღემდე ერთიანად მოდის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ არ გავჩერდეთ, რადგან  არ გვინდა ჩამოვრჩეთ თანამედროვე მსოფლიოს მედიცინის განვითარებას არცერთ შემთხვევაში. ამისათვის კი, საჭიროა ხარსიხის კონტროლი და სიახლეების დანერგვა. ამ მხრივ,  ჩართული ვართ ორ დიდი პროგრამაში. ერთია – ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც ხარისხის კონტროლზეა ორიენტირებული, ასევე ჩართულები ვართ ევროპის გულის თანდაყოლილი მანკების საერთო მონაცემთა ბაზაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ და ვხვეწთ ჩვენს საქმიანობას და მუდმივად ვფიქრობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამიტომაა ასეთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯ-ნაბიჯ ავუწყოთ ფეხი თანამედროვე მსოფლიოს მედიცინის განვითარებას.

  1. დღეს საქართველოში ბევრი კლინიკაა გახსნილი, სხვა კლინიკებშიც მუშაობენ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტების პრობლემებზე ბავშვებში, რადგან თქვენ პროფილური ხართ, თქვენთან განსაკუთრებული კომფორტის ზონაა ამ თვალსაზრისით და უშუალოდ მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წარმატებული ოეპრციების ჩასატარებლად..

ჩვენი კრედო სწორედ  ის არის,  რომ 24/7-ზე ვმუშაობთ და ჩვენი მუშაობის ძირითადი სფერო გულის თანდაყოლილი მანკები და მათი მკურნალობაა.  რა თქმა უნდა, ვთავაზობთ სხვა სერვისებსაც, რომ პაციენტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ხელმისაწვდომობა. 25 წელიწადია და მეტია, ვცდილობთ, რომ აქ შემოსულმა პაციენტმა თავი კონფორტულად იგრძნოს და ერთ გარემოსა და სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება.

  1. თქვენი შეფასებით და შეხედულებით, რამდენად სუპერთანამედროვე რეალობის შესაბამისია, თუნდაც გულის თანდაყოლილ მანკთან ბრძოლის თვალსაზრისით, მედიცინა თქვენს ჰოსპიტალში?

ძალიან თამამად შემიძლია ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, რომ დღესდღეობით, საქართველოში ბავშვთა და ასევე მოზრდილთა გულის ქირურგია ბრწყინვალედაა განვითარებული და აქ ნებისმიერი გულთან დაკავშირებული პრობლემის  მოგვარება ისევეა შესაძლებელი, როგორც ევროპისა და ამერიკის ნებისმიერ წამყვან საავადმყოფოში.  ეს თავისით არ მოსულა და  დიდი ადამიანების დამსახურებაა, იმ პიონერების, რომლებმაც ქართული გულის ქირურგიაში თავისი სათქმელი თქვეს.  მათ უზარმაზარი შრომა ჩადეს იმისთვის, რომ დღეს ეს შედეგი დამდგარიყო.  ჩემს მასწავლებლებს ჰქონდათ ის ფუფუნება, რომ მსოფლიოში დარგის საუკეთესო სპეციალისტები ჰყოლოდათ მასწავლებლად.  საქართველოში ჩამოეყვანათ ან მათთან წასულიყვნენ და ასე სიღრმისეულად შეესწავლათ ეს დარგი უკვე პრაქტიკაში. ამიტომ თქვენს შეკითხვაზე პასუხი არის ის, რომ სრული პასუხისმგებლობით, შემიძლია ვთქვა  – ბავშვთა გულის ქირურგია, ასევე მოზრდილთა გულის ქირურგია ისევე კარგად არის საქართველოში განვითარებული, როგორც ნებისმიერ, მსოფლიოს სხვა წერტილში, მეტსაც გეტყვით, ბევრად უკეთ, ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილში.