ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი სალომე ბულისკერია ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით 2 თვით იელის საუნივერსიტეტო კლინიკაში –Yale New Haven Health იმყოფებოდა.
სალომემ იელის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში იელის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ სილვიო ინძუკისთან ერთად იმუშავა როგორც მიწვეულმა ექიმმა. სილვიო ინძუკი გახლავთ იელის სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური ხელმძღვანელი, იელის დიაბეტის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი და ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიების ექსპერტი https://medicine.yale.edu/profile/silvio-inzucchi/.
როგორი იყო ამერიკულ ჰოსპიტალში მუშაობა და ასეთი გამოცდილების მქონე პროფესორთან თანამშრომლობა, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი სალომე ბულისკერია:
– 10 დეკემბრიდან 10 თებერვლამდე იელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიწვეული ექიმი ვიყავი. ძირითადი დრო იელის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში იელის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ სილვიო ინძუკისთან ერთად ვიმუშავე როგორც მიწვეულმა ექიმმა, 2 კვირით ასევე ვიმუშავე შინაგანი სნეულებების დეპარტამენტში, იელის ერთ–ერთ გამორჩეულ ქართველ ჰოსპიტალისტ მიხეილ ვერულაშვილთან. პროფესორ სილვიო ინძუკისთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, როგორც პროფესიული კუთხით,ასევე მისი უაღრესად მაღალი ადამიანური თვისებების გათვალისწინებით.
მუშაობის გრაფიკი იყო შემდეგი: ჩვენ ერთად ვსინჯავდით მის ყველა პაციენტს. კლინიკის ამბულატორიულ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა იშვიათი ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის, ასევე ფარისებრი ჯირკვლისა და ფარისებრახლო ჯირკვლების პათოლოგიები. ამ ტიპის პაციენტები გვყავდა Smilow Cancer Hospital-Yale New Haven Health, მულტიპროფილურ განყოფილებაში, ხოლო გართულებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მიღება ხორციელდებოდა Dana Clinic Bilding-ში, რომელიც ზემოთაღნიშნული Yale New Haven Health-ის ნაწილია, თუმცა, სხვა კლინიკაა, ხიდით გადაბმული შენობა იქვე ახლო ტერიტორიაზე.
კვირაში 4 დღე მიმდინარეობდა ამბულატორიულ და ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან მუშაობა. ამბულატორიული პაციენტების კონსულტაციების შემდეგ ვიწყებდით შემოვლებს ჰოსპიტალში, რომელიც ასეთი მიმდევრობით ხორციელდებოდა: რეზიდენტები ახსენებდნენ პროფესორ სილვიო ინძუკის რთული პათოლოგიებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების შესახებ. დაახლოებით, 1 საათი ვარჩევდით ამ პაციენტების მდგომარეობას. მიმდინარეობდა მათი სამედიცინო ისტორიების, დაავადებების თეორიული ასპექტების, მოკვლეული მსგავსი იშვიათი კლინიკური შემთხვევების განხილვა. ამასობაში ვმსჯელობდით შესაძლო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, ასევე ირჩეოდა პათოლოგიები კლინიკური სურათიდან ფიზიოლოგიამდე, ხოლო თეორიული განხილვის შემდეგ, მივემართებოდით ამ პაციენტების გასასინჯად და მათთვის რეკომენდაციების მისაცემად.
დღის ბოლოს კი ტარდებოდა კონფერენცია ენდოკრინოლოგიაში არსებული სიახლეების შესახებ. კონფერენციები ტარდებოდა კვირაში სამი დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. პარასკევის კონფერენცია იყო მეტად გამორჩეული, იყოფოდა ორ ნაწილად: იშვიათი კლინიკური შემთხვევის გარჩევა და მოლეკულური მედიცინის მიღწევები.
იელში ენდოკრინოლოგიის სხვადასხვა მიმართულებები დაყოფილია:
ექიმების ნაწილი მუშაობს დიაბეტოლოგიაში, ნაწილი თიროიდოლოგიაში, ნაწილი ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის მიმართულებით. ცალკეა გამოყოფილი ძვლის დაავადებებისა და სიმსუქნის მიმართულებები. ექიმები ამბულატორიულ პაციენტებთან მუშაობენ, დაახლოებით, 5-6 საათი, კვირაში რამდენიმე დღე. მათი სამუშაო გრაფიკი ძალიან ზომიერი და ბალანსირებულია. დანარჩენ დროს ახმარენ კვლევებსა და პირად განვითარებას. ექიმების უწყვეტი განვითარებისათვის, კლინიკას ყოველწლიურად გამოყოფილი აქვს თანხა საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებზე დასასწრებად.
– გარდა იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ეს ორი თვე, როგორი იყო გარემო იელის უნივერსიტეტში, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
– იელის გარემო იყო საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე. როგორც კი გაიგებდნენ რომ საქართველოდან ვარ, როგორც პაციენტები, ასევე ექიმები ინტერესდებოდნენ საქართველოს შესახებ ინფორმაციით. მეტწილად მიწევდა იმის ახსნა, რომ საქართველო რუსეთი არაა, რომ ჩვენ ბევრად ძველი და დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ, ვიდრე რუსეთი. რომ საკუთარი და უნიკალური არა მარტო ენა, არამედ დამწერლობა და ანბანი გვაქვს. რომ ჩვენი ისტორია 30 საუკუნეზე ბევრად მეტს ითვლის. რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული. რომ 2008–მდე ბევრად ადრე 1992 წელს აფხაზეთის ომი იყო, რომლის შედეგადაც მთელი აფხაზეთი რუსეთმა მიიტაცა. მოკლედ, ჩემსა და ამერიკელ იელის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებსა და პაციენტებს შორის მიმდინარეობდა როგორც პროფესიული, ასევე ეროვნული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლა.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ ძალიან თბილად, მათ იელიდან სახსოვრად ძალიან საინტერესო მოგონებები და სასიამოვნო საჩუქრები გამომატანეს, მე საქართველოში დავპატიჟე, როგორც ენდოკრინოლოგიაში კონფერენციის ჩატარების, ასევე საქართველოს გაცნობისა და დათვალიერების მიზნით.