გადაუდებელი მედიცინა, როგორც დარგი და გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, ინოვაციური მოწყობით გამოირჩევა ჩვენს რეალობაში.
ემერჯენსი არის პირველი რგოლი, ანუ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჯაჭვის პირველი რგოლი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომელიც დაფუძნებულია მულტიდისციპლინურ მიდგომაზე. ყველაზე მთავარია, ამ დროს დროულად მოხდეს რეაგირება და დროულად მოხდეს ამოცნობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის.
როგორ მუშაობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილება, რომელიც ჰოსპიტალში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ფუნქციონირებს, ამ თემაზე განყოფილების უფროსი ფლორა კვერნაძე საუბრობს.
– საერთოდ, საქართველოში პირველი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი 2007 წელს გაიხსნა ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ხოლო 2013-2014 წლებში ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი დარგი და სპეციალობა.
გადაუდებელი მედიცინა ეს არის მულტიდისციპლინური სპეციალობა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სირთულის მწვავე ან გამწვავებული ქრონიკული ჩივილების მქონე პაციენტების მართვას, დიფერენციალური დიაგნოზის დასმას. ჩივილების მოხსნა/დასტაბილურებას, პაციენტის დისპოზიციაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში პაციენტების მართვა ხდება, მაქსიმუმ, 24 საათის განმავალობაში.
– ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძირითადად რა ტიპის მომსახურებას უწევთ, როგორი ჩივილებით შემოჰყავთ პაციენტები?
- ძირითადად ორიენტირებულები ვართ ურგენტულ, გადაუდებელ შემთხვევებზე. პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, თუ კონკრეტულ ეტაპზე ეს დაავადება გამწვავებული არ არის და გადაუდებელი დახმარება პაციენტს არ ესაჭიროება, მაშინ ის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში არ უნდა მოხვდეს. პაციენტმა ასეთ დროს კონსულტაციისა და დახმარებისთვის უნდა მიმართოს თერაპევტს, ოჯახის ექიმს, კარდიოლოგს ან სხვა, შესაბამის სპეციალისტს. ხოლო თუ ეს დაავადება არის გამწვავებული და მოითხოვს გადაუდებელ ჩარევას, მაშინ პაციენტი მოდის ემერჯენსში.
– პაციენტები სასწრაფომ უნდა შემოიყვანოს, თუ თვითდინებითაც ხდება მიღება? ასაკობრივი ზღვარი არსებობს?
- ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ემერჯენსში პაციენტების მიღება ხდება როგორც თვითდინებით, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით. ზოგადად, მოზრდილებს ვემსახურებით, თუმცა, როდესაც არის ფორსმაჟორული სიტუაცია და გადაუდებელი დახმარება არის საჭირო, რა თქმა უნდა, პედიატრიულ პაციენტებსაც ვუწევთ დახმარებას და შემდეგ უკვე დასტაბილურებულ პაციენტს გადავამისამართებთ პედიატრიულ კლინიკაში.
გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი არის ექიმი, რომელიც მუშაობს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში და მან უნდა გაუწიოს კვალიფიციური დახმარება ნებისმიერი მწვავე ჩივილის მქონე პაციენტს, მისი ფუნქციაა ემერჯენსში მოხვედრილი პაციენტის შეფასება, ანამნეზის შეკრება, საჭირო კვლევების და მანიპულაციების ჩატარება, პაციენტის მართვის კონკრეტული სქემის შემუშავება, მდგომარეობის სტაბილიზაცია – იქნება ეს პოლიტრავმა თუ კონკრეტული ჩივილი, კონსულტანტების მოწვევა და მათი კონსულტაციის აუცილებლობის განსაზღვრა. ემერჯენსში პაციენტის დაყოვნება ხდება მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ამ დროში უნდა მოხდეს პაციენტის დისპოზიცია – ან ეწერება ბინაზე ან გადადის საჭიროებისამებრ შესაბამის დეპარტამენტში.
ჩვენ ძალიან ფართოდ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, აღჭურვილი ვართ უახლესი აპარატურით. პროცედურების ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს.
გადაუდებელი მედიცინის განყოფილება დაყოფილია რამდენიმე ქვესტრუქტურად:
- შოკის დარბაზი გაშლილია 2 საწოლზე, განკუთვნილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; რესპირატორებით, ბიფაზური დეფიბრილატორით, დროებითი, როგორც გარეგანი, ასევე ინტრავენური რიტმის წამყვანით;
- დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი სარეანიმაციო მოწყობილობებით;
- ობსერვაციის დარბაზი გაშლილია 6 საწოლზე, აღნიშნულ დარბაზში თავსდებიან ნაკლებად მძიმე პაციენტები, რომლებზეც ხორციელდება 24 საათამდე დაკვირვება, პაციენტის ყველა პოსტი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად (მონიტორები, განგაშის სისტემები, სასიცოცხლო მაჩვენებლების ცენტრალური მონიტორი და ა.შ);
- ბოქსირებული პალატა განკუთვნილია გადამდები, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით დაავადებული პაციენტებისთვის;
- მცირე საოპერაციო – სამანიპულაციო, გადაუდებელი ოპერაციებისთვის, მათ შორის, ტრავმატოლოგიაში.
- მცირე სამანიპულაციო: მცირე ზომის ჭრილობების დამუშავებისთვის;
- სათაბაშირო;
- 24/7-ზე უზრუნველყოფილია რადიოლოგის მორიგეობა, პორტატული ულტრაბგერის და რენტგენოგრაფიის აპარატები;
- გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში განთავსებულია 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი;
- გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან მიიღონ ნებისმიერი სირთულის და სიმძიმის პაციენტები. არის შესაძლებლობა, ერთდროულად მივიღოთ პაციენტთა დიდი ნაკადიც.
– რა ტიპის დიაგნოსტიკური სერვისები გაქვთ?
განყოფილება მოიცავს შემდეგი ტიპის დიაგნოსტიკურ სერვისებს:
- ლაბორატორია (ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი კვლევა, პირველადი კლინიკური დიაგნოზის დასმისა და მკურნალობისთვის);
- რენტგენოლოგიური კვლევა;
- ულტრაბგერითი კვლევა;
- CT კვლევა.
აქ არის გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურა, 24/7-ის რეჟიმში პაციენტების განკარგულებაშია პორტატული რენტგენოგრაფი, ულტრასონოგრაფიის აპარატი, კომპიუტერული ტომოგრაფი, რაც საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვაწარმოოთ ნებისმიერი ტიპის დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომ მართვა.
ამ აპარატურას ემსახურებიან ადგილზე მყოფი გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები. 24 საათის განმავლობაში გამართულად მუშაობს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომელშიც შესაძლებელია ყველა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუფერხებლად.
კლინიკაში პაციენტის მართვა იწყება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიდან. ყველა დეპარტამენტი და კლინიკის სხვა სტრუქტურული ერთეულები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან და ერთობლივი მუშაობით ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს – პაციენტების ტრიაჟს, დროულ დიაგნოსტირებას, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრას და რეალიზებას. მოგეხსენებათ, დროულ და ადეკვატურ გადაუდებელ დახმარებასა და დიაგნოსტირებას „ლომის წილი“ აქვს დაავადებაზე გამარჯვებისა და პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში!