ყველაფერი TAVI-ის შესახებ – სიცოცხლის ახალი შანსი ღია ოპერაციის გარეშე
წარმოიდგინეთ, რომ გულს, რომელიც წლების განმავლობაში დაღლილობის გარეშე მუშაობდა, უეცრად “კარი” დაუზიანდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმა იწვევს ქოშინს, მკერდის არეში სიმძიმესა და თავბრუსხვევას. წარსულში ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა გულმკერდის გახსნა და რთული, ხანგრძლივი ოპერაცია იყო. დღეს მედიცინამ შეძლო შეუძლებელი – გულის სარქვლის შეცვლა ყოველგვარი დიდი განაკვეთისა და გულის გაჩერების გარეშეა შესაძლებელი.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოინტერვენციონისტი სპარტაკ ლეკვეიშვილი ვრცლად გვიამბობს ყველაფერს, რატომ არის TAVI – რევოლუციური მეთოდი კარდიოლოგიაში?
რა არის TAVI?
TAVI (Transcatheter Aortic Valve Implantation) არის ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მცირეინვაზიური (ნაკლებად ტრავმული) პროცედურა, რომლის დროსაც ექიმებს დაზიანებულ, შევიწროვებულ აორტის სარქველში ახალი, ხელოვნური სარქველი შეჰყავთ.
პროცედურა ტარდება სხეულზე დიდი განაკვეთების გარეშე – ძირითადად ბარძაყის არტერიიდან, სპეციალური წვრილი მილის (კათეტერის) საშუალებით. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით ანუ პაციენტს არ ძინავს.
როდის არის საჭირო TAVI?
ჩვენი გულის მთავარ სარქველს “აორტის სარქველი” ჰქვია. ასაკთან ერთად, მასზე შეიძლება დაგროვდეს კალციუმი, რის გამოც სარქველი მკვრივდება, ვიწროვდება (აორტის სტენოზი) და ვეღარ ატარებს საკმარის სისხლს.
სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ გულს დახმარება სჭირდება:
- ძლიერი ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში;
- ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მკერდის არეში (სტენოკარდია);
- თავბრუსხვევა და გონების დაკარგვის ეპიზოდები;
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.
მნიშვნელოვანია: TAVI ხშირად ერთადერთი გამოსავალია ხანდაზმული პაციენტებისთვის ან მათთვის, ვისაც თანმხლები დაავადებების (მაგ. ფილტვების, თირკმელების პრობლემები) გამო ტრადიციული, ღია ოპერაციის გადატანა გაუჭირდებათ.
როგორ ტარდება პროცედურა?
მომზადება: პაციენტს უტარდება ადგილობრივი (იშვიათად ზოგადი) ანესთეზია.
წვდომა: ექიმს ბარძაყის არეში (ჩხვლეტის გზით) შეჰყავს სპეციალური კათეტერი.
იმპლანტაცია: კათეტერის საშუალებით ახალი, დაკეცილი სარქველი აღწევს გულამდე. დაზიანებულ ადგილას მისვლისას, ეს სარქველი იხსნება (გაიშლება), მჭიდროდ ეკვრის ძველ სარქველს და მომენტალურად იწყებს მუშაობას.
დასრულება: კათეტერი ამოდის სხეულიდან და დეფექტის დახურვა ხდება სპეციალური დამხმარე მოწყობილობის გარეშე.
რატომ უნდა აირჩიოთ TAVI? (მთავარი უპირატესობები)
- არანაირი ჭრილობა: არ ხდება მკერდის ძვლის გაკვეთა.
- სწრაფი რეაბილიტაცია: პაციენტი კლინიკიდან ეწერება 2-3 დღეში და მალევე უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.
- მინიმალური ტკივილი და გართულებების დაბალი რისკი.
- სიცოცხლის ხარისხის მყისიერი გაუმჯობესება: სუნთქვა ხდება თავისუფალი, ქრება დაღლილობა.
როგორია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის შესაძლებლობები?
იმისათვის, რომ კლინიკაში TAVI-ის პროცედურა ჩატარდეს, საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ტექნიკური აღჭურვა. ჩენი ჰოსპიტალი უახლესი აპარატურის გამოყენებით და გამოცდილი სპეციალისტების საშუალებით უკვე წარმატებით ახორციელებს TAVI- პროცედურას.
ვურჩევ პაციენტებს, ნუ გადადებენ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ნუ შეეშინდებათ ამ პროცედურის ჩატარება!

