არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა. იგი სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი, და მას ყოველწლიურად 7,5 მილიონი სიკვდილი (გლობალური სიკვდილიანობის 12,8%) უკავშირდება.
რა განაპირობებს არტერიულ წნევას; რა არის რისკფაქტორები, რაც იწვევს ესენციურ და არტერიულ ჰიპერტენზიას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ არტერიულ ჰიპერტენზიას? ამის შესახებ გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მოზრდილთა კარდიოლოგიური დეპარტამენტის ამბულატორიული სამსახურის უფროსი, მოზრდილთა კარდიოლოგი ანი გონჯილაშვილი:
- არტერიულ წნევას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: გულის წუთმოცულობა და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა.
არტერიულ წნევას ორი მაჩვენებლით განსაზღვრავენ: სისტოლური და დიასტოლური წნევა. სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ის ძალა, რომლითაც გული სისხლს აორტასა და მსხვილ სისხლძარღვებში გადაისვრის, ხოლო დიასტოლური წნევა გულის მოდუნების ფაზაში არტერიათა კედლებზე მოქმედი ძალით განისაზღვრება.
განასხვავებენ არტერიული ჰიპერტენზიის რამდენიმე სტადიას:
პრეჰიპერტენზია
I სტადია
II სტადია
არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის ორი ძირითადი ფორმა: პირველადი, ანუ ესენციური ჰიპერტენზია და მეორადი (სიმპტომური) ფორმა.
ესენციური ჰიპერტენზიის გამომწვევი არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია: გენეტიკა, ასაკი, სქესი.
მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორებია: ჭარბი წონა, დისლიპიდემია, მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მარილის, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება და თამბაქოს მოხმარება,
განსხვავებით ესენციური ჰიპერტენზიისაგან, მეორადი არტერიულ ჰიპერტენზია ვითარდება რომელიმე სხვა დაავადების ფონზე და უშუალოდ ამ დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, როგორიცაა: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ნევროლოგიური დაავადებები და სხვა. მეორადი არტერიული წნევის მაჩვენებლების ნორმალიზებისათვის აუცილებელია ძირითადი გამომწვევი დაავადების მკურნალობა.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის აუცილებელი პირობაა: მავნე ფაქტორების მკაცრად შეზღუდვა, ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი, წონის დაკლება, ფიზიკური აქტივობა, მარილიანი და ცხიმიანი საკვების შეზღუდვა, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ასევე მკურნალი ექიმის მიერ შერჩეული რეგულარული მედიკამენტური მკურნალობა.