სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგები სპორტული მედიცინის საპილოტე პროგრამაში

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგები მარიამ გიგინეიშვილი, სალომე ჩხაიძე და ლელა ხუციძე თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ერთობლივ საპილოტე პროგრამაში არიან ჩართულნი. პროგრამის მიზანი სპორტულ კომპლექსებში სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა და ბავშვებში ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლია.  

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე ლილოს სპორტულ ცენტრში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ საპილოტე პროგრამის მიმდინარეობის პროცესს.

პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი.  პირველ ეტაპზე კვლევები ტარდება გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის სპორტულ ცენტრებში.  მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსში  სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს  3-დან 18 წლამდე ასაკის  500 ბენეფიციარი   გაივლის.

სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად  გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია საპილოტე პროგრამას სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მხარდაჭერითა და კვალიფიციურ მედიკოსთა გუნდის ჩართულობით ახორციელებს. საპილოტე პროგრამა  5 ივნისს დასრულდება. სამომავლოდ იგეგმება პროექტის გაფართოება, რომელშიც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აქტიურად იქნება ჩართული.