სიახლეები

საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს დაარსებიდან 27 წელი შეუსრულდა

1996 წლის 16 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის ქირურგიის კლინიკა გაიხსნა.

ბავშვთა კარდიოქირურგიული სამსახურის შექმნის იდეით, ქალბატონ ჯო ენ მაკგოვენს კარდიოქირურგი ირაკლი მეტრეველი, შემდგომში კი ჯო ენის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცენტრის პრეზიდენტი, 1992 წელს აშშ–ში შეხვდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, სანკტ–პეტერბურგის ანალოგიური ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი საქართველოშიც შექმნილიყო. რამდენიმე ხანში, საქართველოში პროექტის განხორციელების მიზნით, ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაცია – “Global Healing”-ი შეიქმნა, რომლის პრეზიდენტიც ქალბატონი ჯო ენ მაკგოვენი იყო.

საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის ქირურგიის დარგის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და მხარდამჭერი ქალბატონი ჯო ენ მაკგოვენი თბილისის კლინიკის გახსნიდან ერთ კვირაში, სანკტ-პეტერბურგში, მის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში ინსულტით გარდაიცვალა.

მოგვიანებით, თბილისის ბავშვთა გულის ქირურგიის და კარდიოლოგიის კლინიკას ქალბატონი ჯო ენის სახელი ეწოდა. ჯო ენ მაკგოვენის ანდერძის თანახმად, მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისათვის გამოიყენეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილად გაიყო და კალიფორნიაში, სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში დაიკრძალა.

დღეს, ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის ქირურგიის კლინიკის დაარსებიდან 27-ე წლისთავზე, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექციამ და ექიმებმა, ყოფილ მენეჯერებთან ერთად ქალბატონი ჯო ენ მაკგოვენის საფლავი გვირგვინით შეამკეს.