ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ, პროფესორმა გიორგი პაპიაშვილმა 1,5 თვის ბავშვს აბლაცია გაუკეთა. ქართულ რეალობაში ეს არის ყველაზე პატარა და მცირეწონიანი ბავშვი, ვისაც აბლაცია ჩაუტარდა. პაციენტის ანამნეზზე და პროცედურის სირთულეზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი.
ბატონო გიორგი, ცოტა ხნის წინ თქვენ ჩაუტარეთ აბლაცია 1,5 თვის ბავშვს. თქვენს პრაქტიკაში გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
დიახ, ცოტა ხნის წინ მომიწია აბლაციის ჩატარება 1,5 თვის ბავშვზე, რომელიც იწონიდა 5 კილოგრამს. ეს არის როგორც პირადად ჩემთვის, ასევე საქართველოს რეალობაშიც ყველაზე პატარა პაციენტი, ვისაც აბლაცია ჩაუტარდა. როგორც წესი, ასეთ მცირე ასაკზე და წონაზე აბლაციის ჩატარების გადაწყვეტილება ძალიან კონსერვატიულია და, პრაქტიკულად, მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით კეთდება, რადგან ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული როგორც მიდგომის, ისე, გართულებების რისკის თვალსაზრისით. დღეისათვის შეუძლებელია სააბლაციო კათეტერების სრულყოფილი ადაპტირება ასეთი პატარა პაციენტების გულის კამერების ზომებთან.
რა მდგომარეობაში იყო პაციენტი, როცა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შემოიყვანეს?
პაციენტი ჰოსპიტალში შემოიყვანეს მდგრადი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიით და ამ ფონზე განვითარებული მძიმე გულის უკმარისობით, პრაქტიკულად, კარდიოგენული შოკით. უცნობია, რამდენი ხნის დაწყებული იყო ტაქიკარდია. მაღალი ალბათობით, მინიმუმ, დღეების. საქმე ისაა, რომ ტაქიკარდია მარტივად წყდებოდა ინტრავენური ატფ-ის შეყვანით, თუმცა, სინუსური რიტმი ნარჩუნდებოდა მხოლოდ 10-20 წმ-ის მანძილზე და ხდებოდა ტაქიკარდიის სპონტანური რეინიცირება. ანტიარითმული წამლებით გაჯერების მიუხედავად ტაქიკარდიის მხოლოდ რამდენიმე წამით შეწყვეტა ხერხდებოდა. იმის გამო, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეგვეყვანა აბლაციაზე. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პროცედურა ჩატარდეს რაც შეიძლება ნაკლები კათეტერის ინვაზიით. პრინციპში, შეუძლებელიც არის რამდენიმე კათეტერის მანიპულირება და მათი მოთავსება სტანდარტულ პოზიციებში, რაც გამოიყენება მოზრდილ პაციენტებთან, მაგალითად, კორონარულ სინუსში და ა.შ. გადავწტყიტე, წავსულიყავი მხოლოდ ერთი, სააბლაციო კათეტერით. შეირჩა ყველაზე წვრილი სააბლაციო კათეტერი და მიდგომა განხორციელდა მარჯვენა ბარძაყის ვენიდან. მარცხენა წინაგულთან მიდგომა განხორციელდა პაციენტის ღია ოვალური ხვრელის გამოყენებით. ნანახი იქნა მარცხენა უკანა ფარული დამატებითი გზა, მიტრალური რგოლის უკანა ნაწილში და მოხერხდა აბლაციის შედეგად ტაქიკარდიის საბოლოოდ შეწყვეტა და ნორმალური რიტმის მდგრადი აღდგენა, რამაც პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
აბლაციიდან რამდენ ხანში დარწმუნდით, რომ პროცედურამ წარმატებით ჩაიარა?
აბლაციიდან მალევე პაციენტის ჰემოდინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაძლებელი გახდა ინოტროპული მხარდაჭერის შემცირება და შემდეგ სრულად მოხსნა. რამდენიმე დღეში პაციენტი ნორმალურ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან.
ასეთი რთული და წარმატებული პროცედურის შემდეგ კოლეგები სადმე თუ განიხილავენ ამ შემთხვევას? ის, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, პაციენტებზე მეტად საინტერესო და გასაგები კოლეგებისთვის უფრო უნდა იყოს …
რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ჩემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კოლეგებს გავუზიარე, რადგან უცხოეთშიც ძალიან იშვიათია ასეთ პატარა ასაკზე და წონაზე აბლაცია, რის გამოც კოლეგებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ერთმა ჩემმა უცხოელმა კოლეგამ რენტგენის სურათის ნახვის შემდეგ თქვა, როცა ფლუროსკოპიულ ველში სრულად ხედავ მთელ პაციენტს, ხვდები, რომ რთული ქეისი გექნებაო.
ამჟამად როგორ გრძნობს თავს პაციენტი? რა დრო გავიდა პროცედურიდან?
ამჟამად პროცედურიდან უკვე სამი თვეა გასული და პაციენტთან არითმიის რეციდივი არ დაფიქსირებულა. პატარა თავს კარგად გრძნობს. მშობლებს კონტროლზეც ჰყავდათ მოყვანილი და ყველაფერი წესრიგში იყო, რაც ძალიან მახარებს.