ბლოგი

სამედიცინო გარემოსთვის დამახასიათებელი სტრესი და მასთან გამკლავება

ყველანი ვთანხმდებით, რომ სამედიცინო გარემო სტრესულია ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. იმისათვის, რომ შევძლოთ ამ სტრესის მინიმუმამდე დაყვანა, მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ და გავაანალიზოთ, კონკრეტულად რა  იწვევს მას. ხშირად ფიქრობენ, რომ სტრესს მხოლოდ მტკივნეული პროცედურები განაპირობებს. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ  უმტკივნეულო პროცედურები საშიში არაა და ბავშვები ტყუილად ტირიან, მანიპულირებენ ან უბრალოდ ცუდად იქცევიან. 

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის, რაც უფროსებისთვის უსაფრთხო და მარტივი სამედიცინო პროცედურაა, შესაძლოა, ბავშვისთვის საფრთხისშემცველი და სტრესული იყოს. მიუხედავად იმისა, მტკივნეულია ის თუ – არა. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პატარა პაციენტებს და მათ მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ფსიქო-სოციალური სამსახურის სერვისით, რომლის სპეციალისტებიც მედ-პერსონალთან ერთად მუშაობენ სტრესის გამომწვევი ფაქტორების შესამცირებლად და ბავშვებისთვის ემოციურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. 

სტრესთან გამკლავების მეთოდებზე და  სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტი ლელა ჩაკვეტაძე. 

ტკივილის გარდა, რა ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს სტრესს სამედიცინო გარემოში?

სამედიცინო გარემოში უამრავი ფაქტორია, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ბავშვის ემოციურ უსაფრთხოებას: 

  • ბავშვებს აშინებთ უცხო გარემო, ადამიანები და სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის უმტკივნეულო, როგორიცაა: წნევის მანჟეტი, სტეტოსკოპი, პულსოქსიმეტრი, რენტგენოგრაფი და ა.შ.;
  • წინა სამედიცინო გამოცდილება – არავინ დავობს, რომ მტკივნეული წარსული გამოცდილება უარყოფითად მოქმედებს შემდეგისთვისაც, მაგრამ ასევე უარყოფითად მოქმედებს სხვა განცდილი დისკომფორტი – გაკავება, დიდი რაოდენობის მედ-პერსონალის მონაწილეობა, ხმაური, მუქარა, შერცხვენა, მშობელთან განშორება და ა.შ.;
  • არასათანადო მომზადება – როცა ბავშვმა არ იცის რის გაკეთებას უპირებენ, ეს უკვე საფრთხისშემცველია მისთვის და თავდაცვის პოზიციაზე გადადის;
  • არაპროგნოზირებადი პროცესები – ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ რა მოვლენას რა მოჰყვება. უსაფრთხოდ მაშინ გრძნობენ თავს, როცა იციან რას უნდა ელოდონ;
  • მედ-პერსონალის რაოდენობა – ბავშვების სტრესის დონე იზრდება მედ-პერსონალის რაოდენობის პროპორციულად;
  • არაკომფორტული პოზა ან გაკავება – ბავშვებისთვის საფრთხისშემცველია უცხო გარემოში ზურგზე წოლა ან მათთვის არასასურველი პოზირება, რასაც მოითხოვს ხოლმე ზოგიერთი პროცედურა;
  • მათ მიმართ მოთხოვნები (დაწვეს, პირი გააღოს, თავი გადასწიოს და ა.შ.);
  • პირადი სივრცის დარღვევა (მაგალითად: გახდა, ექიმის ან ექთნის მიერ შეხება და ა.შ.);
  • პროცედურის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს დამღლელი და შემაწუხებელი ბავშვებისთვის. ისინი ხშირად ვერ იაზრებენ, რატომ უნდა მოითმინონ მსგავსი დისკომფორტი;
  • ერთდროულად ბევრი ადამიანის საუბარი სამედიცინო პროცედურების დროს – ქმნის ქაოსს ბავშვის ირგვლივ და მისთვის რთულია გამოარკვიოს, ვინ რას ეუბნება ან სთხოვს; 
  • მშობლის შფოთვის დონე და რეაქციები – პატარა ბავშვები და ჩვილები აკვირდებიან მათი მშობლების/მზრუნველის სახეებს და მათი გამომეტყველების მიხედვით განსაზღვრავენ, არის თუ არა საფრთხე გარემოში; 
  • მშობლის არყოფნა – ბავშვებისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის მთავარი წყარო მშობლები/მზრუნველია. მაშინაც კი, თუ ბავშვი მშობელთან უფრო მეტად ჭირვეულობს, ის თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს, ვიდრე მის გარეშე;
  • თავისუფალი აქტივობის, მოძრაობის და ხმაურის შეზღუდვა, რადგან ეს მათთვის ბუნებრივი ქცევებია, მათი შეზღუდვა ბავშვებს არაბუნებრივ მდგომარეობაში აყენებს;
  • მუქარა – მაგალითად, ნემსით და ექიმით, მშობლის გაშვებით ან მიტოვებით დამუქრება და ა.შ.;
  • შერცხვენა ტირილის და წინააღმდეგობის გამო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები გავლენას ახდენს ტკივილის აღქმაზე. კვლევები ადასტურებს, რომ სტრესი აძლიერებს ტკივილს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში?

სამედიცინო გარემოში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სტრესის ფაქტორის მოხსნა ან მათი ინტენსივობის შემცირება. ბავშვების დახმარება შეგვიძლია სათანადო ახსნით (რისთვისაც საუკეთესო გზა თამაშია), მათ გვერდით ყოფნით, მათი ემოციების გაგებით და მიღებით, მოთმინებით, განათებისა და ხმაურის დარეგულირებით, მედ-პერსონალის რაოდენობის შემცირებით, როცა ეს შესაძლებელია; ასევე, დროის მიცემით, რომ გაეცნოს გარემოს და გაიაზროს მიმდინარე მოვლენები. მნიშვნელოვანია, სამედიცინო გარემოში, განსაკუთრებით პროცედურების დროს დავიცვათ „ერთი ხმის“ პრინციპი – ბავშვები უკეთ აღიქვამენ და თანამშრომლობენ, როცა მათ მხოლოდ ერთი ადამიანი ესაუბრება. ეს შეიძლება იყოს მშობელი, ექიმი, ფსიქოლოგი და ა.შ. მოსაუბრემ უნდა შეინარჩუნოს მშვიდი ტონი და მისცეს დრო ნათქვამის გააზრებისთვის.

შესაძლოა, ჩვენ ვერ მოვახერხოთ ყველა ფაქტორის გაქრობა, მაგრამ სტრესის დონე დაიკლებს ან გაიზრდება სწორედ ამ ფაქტორების რაოდენობის შესაბამისად.