ბლოგი

როგორ დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს ექიმთან ვიზიტისა და სამედიცინო პროცედურების დროს

სამედიცინო გარემოში მოხვედრა და მანიპულაციების ჩატარება ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის მეტ-ნაკლებად სტრესულია. შესაბამისად, მათ სჭირდებათ თავიანთ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, რაც გულისხმობს გარემოს, სამედიცინო პროცედურებისა და მედ-პერსონალის გაცნობაში დახმარებას; მათთვის გასაგებ ენაზე მოვლენების ახსნას; ემოციურ მხარდაჭერას; სტრესორების მინიმუმამდე დაყვანას და ა.შ.

აუტისტური სპექტრის არსებობა ხშირად არის ფაქტორი, რომელიც გარკვეულ მოლოდინებს აყალიბებს მედ-პერსონალში ბავშვისა თუ მოზარდის ქცევასთან დაკავშირებით. ეს ქმნის გარკვეულ ბარიერს ამა თუ იმ პროცედურის ჩატარების თვალსაზრისით.

აუტისტური სპექტრის მქონე ყოველი ადამიანი განსხვავებულია, შასაბამისად, განსხვავდება მათი საჭიროებებიც.

აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტს შეგვიძლია დავეხმაროთ ინდივიდუალური საჭიროებების აღმოჩენითა და შესაბამისი მხარდჭერის შეთავაზებით:

  • გავაცნობიეროთ საკუთარი წინასწარი განწყობა და თავი შევიკავოთ ბავშვის/მოზარდის ქცევების, შესაძლებლობებისა თუ სპეციალური საჭიროებების შესახებ პროგნოზებისგან;
  • ვკითხოთ მშობელს/მეურვეს, რა გამოცდილება აქვთ სამედიცინო გარემოსთან დაკავშირებით და როგორ უმკლავდებიან მსგავს სიტუაციებს;
  • მივცეთ მშობელს საშუალება, გაეცნოს გარემოს და დაასახელოს პოტენციური სტრესორები, რომლებიც შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს მის შვილს (ეს შეიძლება იყოს მედ-პერსონალის რაოდენობა, განათება, ხმაური, შეხება, პროცედურისთვის საჭირო პოზირება და ა.შ.);
  • გავაცნოთ მშობელს/მეურვეს პროცედურის დეტალები (პოზირება, შეგრძნებები, ხანგრძლივობა, თანმიმდევრობა, მასალები, აღჭურვილობა და ა.შ.)
  • აღმოჩენილი სტრესორები შევამციროთ მაქსიმალურად (მედ-პერსონალის რაოდენობის შემცირება, ზედმეტი შეხების არიდება, განათების და ხმაურის დარეგულირება და ა.შ.)
  • მივცეთ მშობლის/მეურვის გვერდით ყოფნის საშუალება;
  • მივცეთ ბავშვს/მოზარდს საკმარისი დრო გარემოს საკვლევად და შესაგუებლად;
  • ავუხსნათ მოსალოდნელი პროცესები მარტივი სიტყვებით (ეს უმჯობესია მშობელმა გააკეთოს);
  • ახსნის დროს გამოვიყენოთ ვიზუალური თვალსაჩინოებები და ვაჩვენოთ როგორ მუშაობს ესა თუ ის სამედიცინო აღჭურვილობა;
  • შევთავაზოთ ასაკის და ინტერესების შესაბამისი დისტრაქტორები (სენსორული ნივთები, სათამაშოები, საპნის ბუშტები, მუსიკა, გაჯეტები და ა.შ.);
  • თუ პროცედურა ამის საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ მისი საყვარელი საკვები/სასუსნავი;
  • მშობელთან ერთად დავადგინოთ მისთვის უფრო კომფორტული პოზირება პროცედურისთვის;
  • მივყვეთ ერთი ხმის პრინციპს (ესაუბროს მხოლოდ ერთი ადამიანი, უმჯობესია იყოს მშობელი/მეურვე);
  • გავუხმოვანოთ შეგრძნებები (ცივია, სველია, თბილია, დაგაჭერს, გეტკინება და ა.შ.);
  • მივიღოთ მისი ემოციები („მესმის, რომ შეგეშინდა“);
  • გამოვიჩინოთ მოთმინება, დაუშვებელია კრიტიკა, მუქარა, შერცხვენა და ა.შ.;
  • გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა დასჭირდეს მეტი დრო.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ფსიქო-სოციალური სამსახური.