ბლოგი

რა უპირატესობები აქვს 640-შრიან Toshiba Aquilion One-ს

კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდია. იგი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობითა და ინფორმაციულობით და მრავალი დაავადების დიაგნოსტირებისთვის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. კვლევა დაფუძნებულია რენტგენულ გამოსხივებაზე,  რენტგენის სხივების გამოყენებით  შესაძლებელია მივიღოთ ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება. კვლევა ტარდება როგორც მწვავე ასევე ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მეთვალყურეობის მიზნით

CT კვლევის მნიშვნელობაზე, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არსებული CT კვლევის აპარატის შესაძლებლობებზე და ჰოსპიტალში არსებულ სერვისებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნაივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგი და ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ანა მახათაძე:

კომპიუტერულ ტომოგრაფიას განსაკუთრებული როლი უჭირავს ისეთი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ როგორიცაა:

  • თავის ტვინის ინსულტი (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების დიფერენცირება, CT პერფუზიითა და CT ანგიოგრაფიით დაზიანების ადრეულ ფაზაში გამოვლენა, პროგნოზისა და მკურნალობის ტაქტიკის დადგენა/დაგეგმვა);
  • ტრავმები, რომლის დროსაც გამოკვლევის ეს მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს დროის მოკლე მონაკვეთში შევაფასოთ სხვადასხვა ორგანოს დაზიანება და დაზიანების სიმძიმე;
  • ხერხემლის ძვლოვანი სეგმენტის დაზიანება და სხვა;
  • მწვავე თრომბოზი;
  • გულმკერდისა და მუცლის ღრუს მწვავე დაავადებებისას;
  • ქრონიკული დაავადებებისას კი მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ, მათი მონიტორინგისთვის და სხვა მრავალი ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიების საკვლევად.

გამოკვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია შემდეგი ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების დიაგნოსტირება და პოსტოპერაციული მონიტორინგი:

  • ანევრიზმა;
  • მალფორმაცია;
  • სტენოზის ხარისხის და ოკლუზიის დადგენა;

გამოკვლევისთვის მომზადება არ საჭიროებს განსაკუთრებულ წესს. თუმცა, საგულისხმოა რამდენიმე გარემოება, კერძოდ, მუცლისა და მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია არაინფორმაციულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღო ბარიუმი. ამ დროს პაციენტს ვაძლევთ შესაბამის რჩევა-დარიგებას და შემდგომ ვატარებთ გამოკვლევას.

შაქრიანი დიაბეტის დროსაც, შესაძლოა, პაციენტს მოუწიოს გარკვეული მედიკამენტის შეწყვეტა პროცედურამდე ერთი დღით ადრე და უშუალოდ პროცედურის დღეს.

სავალდებულოა, რომ ალერგიულმა პაციენტმა ალერგიის შესახებ აცნობოს პერსონალს – როცა ინტრავენური კონტრასტირებით მიმდინარე კვლევას იტარებს ალერგიული პაციენტი, რადიოლოგთან ერთად მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ალერგოლოგიც და მხოლოდ შესაბამისი მომზადების შემდგომ ტარდება კვლევა.

კრეატინინის მაღალი მაჩვენებლის დროს ერთვება ნეფროლოგი და მხოლოდ მისი კონსულტაციის შემდგომ ვნიშნავთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

კვლევა უკუნაჩვენებია ორსულებში, მეძუძურ დედებში. ამ დროს კვლევა ტარდება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ან სასიცოცხლო ჩვენებით. ამ შემთხვევაშიც სასურველია, რომ პროცედურა შესრულდეს განსაკუთრებულად დამზოგველი პროტოკოლით.

კლაუსტროფობიის შემთხვევაში პაციენტს წინასწარ ვათვალიერებინებთ აპარატს, მისი მოძრაობის ამპლიტუდას, სიღრმესა და სიხშირეს. ვუხსნით, რომ კვლევის პროცესი მიმდინარეობს საშუალოდ 5-დან 10 წუთამდე (რასაკვირველია, გააჩნია კვლევის სირთულეს), მუდმივად ვართ პაციენტთან კონტაქტში მიკროფონის საშუალებით და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შევძლებთ პროცედურის შეწყვეტას. თუ ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ანესთეზიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კვლევას ვატარებთ ინტრავენური ანესთეზიით.

კვლევა ტარდება ან კონტრასტირებით, ან უკონტრასტოდ. თუ რომელი მეთოდია ადეკვატური,  განსხვავება კონტრასტირებისა და უკონტრასტო კვლევებს შორის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პათოლოგიის დადგენა გვსურს. თუმცა ძირითად შემთხვევებში, კვლევის მაღალი სიზუსტით ჩასატარებლად, მეტწილად კონტრასტული მეთოდია რეკომენდებული.

სიმკვრივის მიხედვით სხვადასხვა ქსოვილი სხვადასხვა ხარისხით ატარებს რენტგენის სხივებს (ხშირად მოცულობითი წარმონაქმნის და ჯანსაღი ქსოვილის სიმკვრივე ერთმანეთთან ახლოსაა)  ამის გამო გამოსახულება სავსებით შესაძლებელია დიაგნოსტირებისთვის არ იყოს სრულყოფილი; სწორედ ამ დროს გამოიყენება ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება.

იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება რადიოლოგს სისხლძარღვების სრულფასოვან შეფასებაში ეხმარება და სისხლძარღვების შესაძლო ოკლუზიის თუ სტენოზის დასადგენად გამოიყენება  (უკონტრასტო კვლევით სისხლძარღვების კვლევა არაინფორმაციულია).

ხოლო პერორალური საკონტრასტო ნივთიერება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დიაგნოსტირებისთვისაა განკუთვნილი.

ი/ვ კონტრასტირების დროს ძირითადად არტერიულ და ვენურ ფაზებში ვლინდება პათოლოგიური პროცესები, ხშირ შემთხვევაში რადიოლოგი დამატებით დაყოვნების ფაზასაც იყენებს, რათა დიფერენცირება მოახდინოს: მაგალითად, ღვიძლში არსებულ ჰემანგიომასა და სხვა ტიპის მოცულობით წარმონაქმნს შორის, რამეთუ კონტრასტის ჩართვის ეფექტი და ხასიათი (პერიფერიული ან ცენტრალური ჩართვა), გამორეცხვის დრო და მოცულობა (სრული გამორეცხვა, არასრული გამორეცხვა-დაყოვნება) გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, თუ რა ტიპის პროცესებთან გვაქვს საქმე.

აგრეთვე, მაგალითად, თავის ტვინის ნივთიერებაში კისტოზური ტიპის წარმონაქმნის დაფიქსირების დროს ი/ვ კონტრასტირება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მოცულობითი წარმონაქმნი კეთილთვისებიანია, მეორეული MTS ტიპის, თუ საეჭვოა ავთვისებიანობაზე.

საბოლოო დიაგნოზი, რასაკვირველია, ციტო-მორფოლოგიური პასუხით განისაზღვრება, თუმცა, ძირითადი რადიოლოგიური მაჩვენებლები კლინიცისტს შემდგომი მკურნალობისა და კვლევების დაგეგმარებაში ეხმარება.

რა შესაძლებლობები აქვს აპარატს, რომელიც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაქვთ?

ჩვენს კლინიკაში არსებული კომპიუტერული ტომოგრაფი 640-შრიანი Toshiba Aquilion One უმაღლესი ხარისხის  გამოსახულებითა და ინფორმაციულობით გამოირჩევა.

აპარატის  ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 640 შრეა, რომლის დახმარებითაც მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის განკუთვნილი დრო და ერთ ბრუნში სხეულის მეტი დიაპაზონი იფარება.

კვლევა ხორციელდება სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ.

კლინიკა კვლევას სთავაზობს მძიმე წონის, (255 კილოგრამამდე) პაციენტებსაც.