ბლოგი

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას სამედიცინო დაწესებულებებში?

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, განვითარებასა და  კეთილდღეობაზე. ბავშვის  საბაზისო უფლებაა, ხარისხიანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ფსიქოსოციალური სერვისის სპეციალისტი ლელა ჩაკვეტაძე:

რა უფლებები აქვთ ბავშვებს სამედიცინო დაწესებულებებში?

ბავშვთა უფლებების სტანდარტი მოიცავს შემდეგ ასპექტებს: 

  • საუკეთესო ხარისხის მოვლა, რაც ეფუძნება კვლევებს, სტანდარტებს, ბავშვის უფლებათა კონვენციას, პაციენტისა და მისი ოჯახის შეხედულებებსა და სურვილებს.
  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მიუხედავად ბავშვის და მისი ოჯახის რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, დაბადების ან სხვა სტატუსისა.
  • თამაშის, სწავლის, დასვენებისა და გართობის უფლება – დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ასაკისა და განვითარების შესაბამისი პირობები – როგორც ფიზიკური სივრცე, ასევე გადამზადებული სპეციალისტები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე. 
  • ინფორმაცია და მონაწილეობა – სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ინფორმირება მისთვის გასაგები გზით. ასევე, არჩევანის შესაძლებლობა და  მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  • უსაფრთხოება, რაც მოიცავს უსაფრთხო გადაადგილებას, დაზიანებისგან დაცვას, სისუფთავისა და კვების ასპექტებს. მნიშვნელოვანია ემოციური უსაფრთხოების გათვალისწინება.
  • ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვა – მათ შორის დაზიანების, შეურაცხყოფის, შერცხვენის, მუქარის, ტყუილის, იგნორირების, უყურადღებო მკურნალობის, არაპროფესიონალიზმის ან ექსპლუატაციისგან დაცვა. 
  • ტკივილისგან დაცვა – დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ტკივილის კვალიფიციური შეფასება, მისი პრევენცია, მართვა და პალიატიური ზრუნვა ინდივიდუალური, კულტურული და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის უფლებების დაცვაზე სამედიცინო დაწესებულებებში?

ჰოსპიტალში მომუშავე ყოველი თანამშრომელი – როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამედიცინო პერსონალი  ვალდებულია, თავისი საქმიანობის შესრულების დროს, გაითვალისწინოს ბავშვის უფლებები და საჭიროებები. პერიოდულად უნდა შეფასდეს არსებული გამოწვევები, გადაიხედოს პროტოკოლები და გაიდლაინები, ასევე, გადამზადდეს პერსონალი.