ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი რეგიონებში უფასო სკრინინგს აგრძელებს. ამჯერად უფასო კვლევები ოზურგეთის თვალის კლინიკაში ჩატარდა.
სკრინინგის მთავარი მიზანი ბავშვებში თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების გამოვლენა და პრევენციაა. სკრინინგის ფარგლებში კარდიოლოგების გარდა კვლევებს სხვადასხვა პროფილის ექიმებიც ატარებენ.
3 ივნისს ოზურგეთის თვალის კლინიკას სტუმრობდა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმთა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ბავშვთა კარდიოლოგები გიორგი თოდრია და ნიკოლოზ ლაბარტყავა, პედიატრი თამარ ჩხაიძე, ოტორინოლარინგოლოგი ნიკოლოზ ცეცხლაშვილი და სისხლძარღვთა ქირურგი თეიმურაზ რუაძე.
აქციის ფარგლებში ბავშვებს უფასოდ ჩაუტარდათ გულის კომპლექსური კვლევა, რომელიც მოიცავს ექოკარდიოსკოპიას, ელექტროკარდიოგრაფიას და ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაციას. ასევე, მოზრდილმა პაციენტებმა ისარგებლეს ოტორინოლარინგოლოგის და სისხლძარღვთა ქირურგის უფასო კონსულტაციით.
აქციის ფარგლებში ყველგან ტარდება ბავშვებში გულის კომპლექსური კვლევა, ხოლო სხვა მიმართულების ექიმთა კონსულტაციები და სხვა ტიპის კვლევები იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე. პაციენტები აქციაში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გადიან რეგისტრაციას ადგილობრივი ოჯახის ექიმის, პედიატრის ან კარდიოლოგის რეკომენდაციით.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი წინასწარ გაცნობებთ მომდევნო აქციის დროს და ადგილს.