ბლოგი

შესაძლოა თუ არა, მიოკარდიუმის ინფარქტის ატიპიური ფორმები სამედიცინო დახმარების დაგვიანების მიზეზად იქცეს

რა უნდა ვიცოდეთ გულის დაავადებების, კერძოდ მიოკარდიუმის  ინფარქტის შესახებ (რაც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას), რა შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ან პირდაპირ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფლორა კვერნაძე:  

–   მთელ მსოფლიოში გულის დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი პირველ ადგილზეა. ამასთან, მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა. ინფარქტის რისკ-ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და თამბაქოს მოიხმარენ, ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს და ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან, ანუ ცოტას მოძრაობენ. რისკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სტრესული ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტერინემია, კვების დარღვევები, მემკვიდრეობა, შრომისა და დასვენების არაჯანსაღი პირობები, ასაკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს მოხმარება – მისი წილი 35,7%-ია. 32,5%-ით მეორე ადგილს იკავებს ფსიქოსოციალური ფაქტორები – სტრესი, ფინანსური სირთულეები, დეპრესია. დანარჩენი 31,8% კი სხვა ფაქტორების – ჭარბი წონის, ასაკის, შრომისა და დასვენების პირობების, მემკვიდრეობისა და ჰიპოდინამიის წილად მოდის.

აღსანიშნავია, რომ პაციენტთა გარკვეულ კონტინგენტში, უმთავრესად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს მიოკარდიუმის ინფარქტის უმტკივნეულო ფორმა. ამის მიზეზი გახლავთ შაქრიანი დიაბეტის გამო გულის კუნთის ქსოვილის მგრძნობელობის დარღვევა. 

ასთმური ფორმის დროს ვითარდება მზარდი სულხუთვა და ქოშინი – სურათი ძლიერ წააგავს ბრონქული ასთმის შეტევას. 

ცერებრული ფორმა – აღინიშნება თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და ნევროლოგიური სიმპტომები.

გარდა ამისა, არსებობს ინფარქტის სხვა ატიპიური ფორმებიც, აბდომინური ფორმა. ამ დროს ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, პაციენტი უჩივის სლოკინს, მუცლის შებერვას, გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას. სიმპტომები ძლიერ წააგავს მწვავე პანკრეატიტს. კუჭის არეში ტკივილი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით არის გამოწვეული, თუმცა არსებობს სხვა დაავადებებიც, რომლებიც ამ არეში ტკივილით გვახსენებს თავს. 

როდის და რატომ იჩენს თავს ტკივილი კუჭის მიდამოში? 

–   თავდაპირველად დავაზუსტოთ, სად მდებარეობს კუჭი. ზოგიერთი კუჭის მიდამოდ მიიჩნევს მთელ მუცელს და მუცელში აღმოცენებულ ყოველგვარ ტკივილს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამ ორგანოს მიაწერს. ჯანმრთელი ადამიანის კუჭის დიდი ნაწილი მუცლის ზედა ცენტრალურ ზონაშია მოქცეული. იგი მდებარეობს მუცლის კედლის უკან, იმ ადგილას, სადაც ნეკნთა რკალი მკერდის ძვლიდან გამოდის. ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილს მრავალი მიზეზი და სხვადასხვა წარმომავლობა აქვს. პირობითად, ის ამგვარად შეიძლება დავყოთ:

  • უშუალოდ კუჭისმიერი ტკივილი, განპირობებული კუჭის ფუნქციური ან ორგანული პათოლოგიით;
  • კუჭგარეთა ტკივილი, დაკავშირებული სხვა ორგანოების პათოლოგიებთან.

არის შემთხვევებიც, როდესაც ტკივილის მიზეზის დადგენა ჭირს. 

კუჭის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს კუჭი. 

რომელი ორგანოების პათოლოგია იწვევს ამ სიმპტომს?

–   ესენია:

  • პანკრეასის დაავადებები (პანკრეატიტი, კისტა, აბსცესი, სიმსივნე);
  • მწვავე აპენდიციტი;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • ხერხემლის დაავადებები.

ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილი თან ახლავს, მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ ან მწვავე ანთებას. შეშუპებული პანკრეასის ქსოვილები ან ამ ორგანოში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აწვება და ტკივილს იწვევს. ტკივილის გამოწვევა შეუძლია აგრეთვე ნერვულ ღეროში ჩაზრდილ კიბოს. ტკივილების ინტენსივობა უმნიშვნელოდან (მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის დროს) გაუსაძლისამდე (მაგალითად, ავთვისებიანი დაზიანების შემთხვევაში) ვარირებს. ვითარების კვალობაზე, მას შესაძლოა თან ახლდეს დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), ფაღარათი, წონის კლება, ტემპერატურის მატება. წყლულის სამკურნალო საშუალებებმა პანკრეატიტის დროს შესაძლოა შვება მოჰგვაროს პაციენტს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში ტკივილი კუჭის არეში შეიძლება აიხსნას შემდეგით: ერთი მხრივ – ინერვაციის თავისებურებებით, მეორე მხრივ კი აპენდიკულარული წანაზარდის ანომალიური მდებარეობით. ამ მიდამოში ტკივილის აღმოცენებას ქირურგები განიხილავენ როგორც ადრეულ სიმპტომს. ხშირად შეცდომით კუჭის პათოლოგიაზე მიაქვთ ეჭვი და არა მწვავე აპენდიციტზე. ამ დიაგნოსტიკურ შეცდომასთან დაკავშირებული სამედიცინო ღონისძიებები – წყლულის საწინააღმდეგო საშუალებების მიცემა, კუჭის ამორეცხვა და სხვა – უეფექტოა და ზოგჯერ აუარესებს კიდეც დაავადების მიმდინარეობას. ეპიგასტრიუმის ზონაში პირველადი ლოკალიზაციის ტკივილით მიმდინარე მწვავე აპენდიციტის დროს ტკივილის შეგრძნება, წესისამებრ, ზომიერია და მუდმივი. შესაძლოა, თან ახლდეს ღებინება, გულისრევა, ცხელება და კუჭის მოქმედების მოშლა. 

შესაძლოა თუ არა, მიოკარდიუმის ინფარქტის ატიპიური ფორმები  სამედიცინო დახმარების დაგვიანების მიზეზად იქცეს? –   დიახ, შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დროული მიმართვიანობა ექიმთან, დროული და სწრაფი დიაგნოზის დიფერენცირება, ექიმის მყისიერი ჩარევა. ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ხარისხი.