რა არის D ვიტამინი? რამდენად მნიშვნელოვანია მისი კონტროლი და რას იწვევს D ვიტამინის დეფიციტი? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი ლალი გელაშვილი.
რა არის ვიტამინი D?
ეს არის პროჰორმონი, რომელიც სინთეზირდება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად და ასევე შეიწოვება საკვებიდან ან კვებითი დანამატებიდან. აღნიშნული პროჰორმონი ღვიძლში და შემდეგ თირკმელებში გარდაიქმნება მეტაბოლურად აქტიურ ფორმად.
რაზე ახდენს გავლენას D ვიტამინი?
D ვიტამინი გავლენას ახდენს:
- იმუნურ სისტემაზე (ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმები);
- ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე;
- ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე და ჯანმრთელი ძვლების ჩამოყალიბებაში;
- ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
რას იწვევს D ვიტამინის დეფიციტი?
D ვიტამინის მძიმე დეფიციტი იწვევს რაქიტის განვითარებას ბავშვებში და ოსტეომალაციას ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალცემია რაც თავის მხრივ იწვევს ტეტანიას ან კრუნჩხვებს.
ვიტამინი D-ს მსუბუქი დეფიციტის კლინიკური შედეგები ნაკლებადაა შესწავლილი, ამასთანავე, ქრონიკულად მისი დაბალი კონცენტრაცია გავლენას ახდენს ძვლების მინერალიზაციის პროცესებზე, რაქიტის გამოვლენის გარეშეც კი.
ვიტამინი D-ს ძირითადი ფორმებია:
- ქოლეკალციფეროლი ვიტამინი D3 – ეს არის ვიტამინი D-ს ფორმა, რომელიც შედის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში და ასევე კვებით დანამატებში;
- ერგოკალციფეროლი ვიტამინი D2 – შედის მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში და უმრავლეს კვებით დანამატებში;
- კალციდიოლი – ეს არის D ვიტამინის სარეზერვო ფორმა. ის წარმოიქმნება ღვიძლში. 25 OH D3 -ის კონცენტრაციის განსაზღვრა გვეხმარება D ვიტამინის სტატუსის შეფასებაში;
- კალციტრიოლი – D ვიტამინის აქტიური ფორმაა, ის წარმოიქმნება თირკმელებში 25OHD -ს 1 ალფაჰიდროქსილირებით 1,25(OH)2D, ამ პროცესში ძირითადად მონაწილეობს პარათირეოიდული ჰორმონი. გარდა თირკმელისა, ეს პროცესი ხორციელდება ასევე ლიმფურ ჯირკვლებში, პლაცენტაში, მსხვილ ნაწლავში და ა.შ.
ვიტამინი D ს ძირითადი წყაროა ცხიმიანი თევზი, ღვიძლი, კვერცხის გული, დედის რძეში ვიტამინ D -ს შემცველობა დაბალია. უმრავლეს შემთხვევაში, საჭიროა D ვიტამინის გარედან მიღება მედიკამენტის ან კვებითი დანამატის სახით.
ამერიკის პედიატრიის აკადემიის და ნაციონალური მედიცინის აკადემიის მიერ მოწოდებულია D ვიტამინის გარკვეული დოზები, რასაც ინდივიდუალურად ნიშნავს ექიმი.
D ვიტამინის დოზის შერჩევა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მაგალითად, კანადის პედიატრიული საზოგადოება D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზად ასახელებს 800ს.ე. ჩვილებისთვის. ხმელთაშუა ზღვის და ახლოაღმოსავლეთის რეგიონებისთვის მოწოდებულია უფრო მაღალი დოზირება და ა.შ. გარკვეულ პოპულაციებში არსებობს რისკის ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ D ვიტამინის მაღალ დოზებს. მაგ. ბავშვები გაცხიმოვნებით, ან ანტიკონვულსიურ მკურნალობაზე მყოფი ბავშვები, ჰორმონოთერაპიაზე მყოფნი, და ა.შ. ესენი საჭიროებენ D3 ვიტამინის მაღალი დოზით დანიშვნას. დოზა განისაზღვრება 25 OH D3- ის კონცენტრაციით სისხლის შრატში.
რა არის D ვიტამინის დეფიციტის რისკ ფაქტორები?
ორსულობის პერიოდში უნდა მოხდეს ქალის D ვიტამინის სტატუსის გაკონტროლება. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს ნაყოფის და შემდგომში დაბადებული ბავშვის ვიტამინი D-ს ნორმალურ მაჩვენებლებს. დაბადების შემდგომ – ახალშობილისთვის D ვიტამინის დეფიციტისა და რაქიტის განვითარების რისკის ფაქტორებია: ძუძუთი კვება D ვიტამინის დანამატების გარეშე, კანის მუქი პიგმენტაცია, დედის D ვიტამინის დეფიციტი. საშვილოსნოში ნაყოფი მთლიანად დამოკიდებულია დედის D ვიტამინზე. 25(OH)D გადის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. თუ დედა იყო D ვიტამინით უზრუნველყოფილი, ახალშობილს დაბადებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში აქვს საკმარისი D ვიტამინი, თუმცა, ორსულთა უმეტესობას აქვს D ვიტამინის დეფიციტი ან უკმარისობა.
აქედან გამომდინარე, D ვიტამინის ნეკლებობის მაღალი რისკის ჯგუფს შეადგენენ ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვები. მათ არ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოახდინონ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის აკუმულირება დედის ორგანიზმიდან.
ახალშობილის მიერ D ვიტამინის მიღება ხდება მზის აბაზანებით, ან საკვებით. დედის რძე და არაგამდიდრებული ძროხის რძე შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით D ვიტამინს. ამგვარად, ახალშობილები, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ დედის რძით, მიდრეკილნი არიან D ვიტამინის დეფიციტის განვითარებისკენ, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ვერც ახალშობილი და ვერც დედა მზის სხივებით ვერ იღებს საკმარის D ვიტამინს.
მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს რაქიტს ზრდასა და ძვლის განვითარებაზე, ძვლის სიმკვრივესა და ძვლის პიკურ მასაზე, პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით. რაქიტის ძვალ-კუნთოვანი ნიშნები კარგად არის ცნობილი.
მზის სხივების ზემოქმედება წარმოადგენს D ვიტამინის ძირითად წყაროს, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. მზის სხივების და საკვები დანამატების გარეშე ძნელია, ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მხოლოდ საკვებით D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობის მიღებით. მელანომის და კანის სხვა ტიპის კიბოს განვითარების რისკის თავიდან აცილება შესაძლებელია შუადღის მზის სხივებისგან თავდაცვით. ამ დაკვირვების ფონზე კი უფრო ძლიერია არგუმენტები დანამატების გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, იმ პირებში, ვინც ცხოვრობს გეოგრაფიულად 33° განედის ზემოთ. ყველა არსებული მონაცემი ამტკიცებს, რომ ბავშვებში რაქიტისა და ზრდასრულებში ოსტეომალაციის პროფილაქტიკისთვის სისხლში 25(OH)D-ის შემცველობა უნდა იყოს >20 ნგ/მლ.
თუმცა, კალციუმის, ძვლისა და კუნთის მეტაბოლიზმზე D ვიტამინის მაქსიმალური ეფექტის გამოსავლენად 25(OH)D-ის რაოდენობა უნდა იყოს >30 ნგ/მლ. მრავალი ეპიდემიოლოგიური კვლევით, 25(OH)D-ის შემცველობას სისხლში >30 ნგ/მლ შესაძლოა დამატებითი სარგებელი ჰქონდეს, კერძოდ:
- გავრცელებული კიბოს შემთხვევების;
- აუტოიმუნური დაავადებების;
- ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის;
- გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.
D ვიტამინის წყაროები:
ადამიანების უმეტესობისთვის D ვიტამინის ძირითადი წყაროა მზის სხივების ზემოქმედება კანზე, ჩვეულებრივ, 10:00-დან 15:00 საათის დროის მონაკვეთში გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის პერიოდებში. კანში წარმოქმნილი D ვიტამინი სისხლში, სულ მცირე, 2-ჯერ უფრო ხანგრძლივად რჩება, ვიდრე პერორალურად მიღებული. როდესაც ზრდასრული საცურაო კოსტიუმით იღებს ულტრაიისფერი გამოსხივების ერთ მინიმალურ ერითემულ დოზას (უმოკლესი დრო, რომელიც საჭიროა კანის მსუბუქი ვარდისფერი შეფერილობის მისაღებად და ნარჩუნდება ექსპოზიციიდან არაუმეტეს 24 საათისა), ამ დროს წარმოქმნილი D ვიტამინის რაოდენობა ეკვივალენტურია ორალურად მიღებული 10 000-25 000 სე-ისა. მრავალი ფაქტორი ამცირებს კანში D3 ვიტამინის წარმოქმნას, მათ შორის, კანის პიგმენტაცია, დაბერება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. მზის ზენიტის კუთხის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია განედის, წელიწადის დროისა და დღის მონაკვეთის ცვლილებით მკვეთრ გავლენას ახდენს კანში D3 ვიტამინის წარმოქმნაზე.