ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი რუსთავის მერიის ორგანიზებით, 23-24 ივნისს რუსთავში უფასო სამედიცინო კვლევებს ატარებს.
აქცია 2-დღიანია. პირველ დღეს უფასო კვლევები ჩაუტარდათ მოზრდილ პაციენტებს, ხოლო მეორე დღეს ჩაუტარდებათ ბავშვებს. რუსთავის მერის, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის გადაწყვეტილებით, უფასო კვლევები უტარდებათ ,,რუსთავ სერვისცენტრის“ თანამშრომლებს და რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი “კესანეს“ ბენეფიციარებს.
აქციის ფარგლებში მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის კეთდება გულის კომპლექსური კვლევები, რაც მოიცავს ექოკარდიოსკოპიას, ელექტროკარდიოგრაფიას და კარდიოლოგების კონსულტაციას.
გულის კვლევებს ატარებენ მოზრდილთა კარდიოლოგები ნინო ჯანაშია და ნინო მელიქიძე, ბავშვთა კარდიოლოგები მარიამ გიგინეიშვილი და ლელა ხუციძე. ასევე, მოზრდილმა პაციენტებმა კონსულტაცია გაიარეს თერაპევტ ლელა გელაშვილთან, ნევროლოგ თამარ აბაშიძესთან, ოტორინოლარინგოლოგ ნიკოლოზ ცეცხლაშვილთან, სისხლძარღვთა ქირურგ ქეთინო სამადაშვილთან. ბავშვებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ პედიატრი ლალი გელაშვილი და ოტორინოლარინგოლოგი ნიკოლოზ ცეცხლაშვილი. ბავშვებთან მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ჯო ენის ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტი ლელა ჩაკვეტაძე.
23 ივნისს კვლევის პროცესს დაესწრნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თეა გაგიევა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გოჩა ლორია.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის რუსთავის მერს ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს და რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი “კესანეს“ დირექტორს ეკატერინე ნოზაძეს.