კარდიომიოპათია არის გულის კუნთის დაავადება, რომლის დროსაც გულის კუნთოვანი სტრუქტურა და ფუნქცია დარღვეულია, კორონარული არტერიის დაავადების, ჰიპერტენზიის, სარქვლოვანი თუ თანდაყოლილი გულის დაავადების არსებობის, მასზე მედიკამენტების, ვირუსების, ტოქსინების და სტრესის ზემოქმედების შემთხვევაში.
კარდიომიოპათია ანატომიის და ფიზიოლოგიის მიხედვით შემდეგნაირად კლასიფიცირდება: დილატაციური, ჰიპერტროფიული, რესტრიქციული, არითმოგენური მარჯვენა პარკუჭოვანი/დისპლაზია, არაკლასიფიცირებული კარდიომიოპათიები.
რას ნიშნავს დილატაციური კარდიომიოპათია, რა შეიძლება იყოს განვითარების მიზეზი, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა, ამ თემაზე გვესაუბრება ჯო ენის მოზრდილთა კარდიოლოგი ნინო ჯანაშია.
დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის დაზიანების შედეგად ხდება გულის ღრუების გაფართოება (დილატაცია). შედეგად ქვეითდება გულის კუნთის შეკუმშვისა და მის მიერ აორტაში სისხლის გადასროლის უნარი, რასაც სისტოლური ფუნქციის დაქვეითებას უწოდებენ. დილატაციური კარდიომიოპათია ხასიათდება ერთი ან ორივე პარკუჭის დილატაციით და კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებით. შედეგად პაციენტებს უვითარდებათ გულის ქრონიკული თუ მწვავე უკმარისობა. ამ დაავადების გამოვლინება შეიძლება იყოს არითმიები და უეცარი კარდიული სიკვდილიც კი (დაავადების ნებისმიერ სტადიაზე).
პაციენტების უმეტესობა 20-დან 60 წლამდე ასაკისაა, მაგრამ დილატაციური კარდიომიოპათია შეიძლება განვითარდეს ბავშვებში და ხანდაზმულებშიც.
ტაკოცუბოს კარდიომიოპათია – ცნობილია ასევე სტრეს-კარდიომიოპათიის ან ,,გატეხილი გულის“ სინდრომის სახელით. პირველად აღწერეს იაპონიაში 1990 წელს და ახასიათებს რვაფეხას ხაფანგის მსგავსი ექოსკოპიური სურათი. იაპონურად რვაფეხას ხაფანგს ტაკოცუბო ჰქვია და ოფიციალური სახელიც აქედან შეერქვა. რვაფეხას ხაფანგი ჰგავს ქოთანს, რომელსაც აქვს მრგვალი ძირი და ვიწრო ყელი. ასეთივე ფორმას იღებს გული აღნიშნული სინდრომის დროს. ტაკოცუბოს კარდიომიოპათია არაიშემიური კარდიომიოპათიის ჯგუფში შედის და მარცხენა პარკუჭის შექცევადი დისფუნქციით ხასიათდება. ელექტროკარდიოგრამაზე და ექოკარდიოგარფიით ხშირად მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, თუმცა კორონაროგრაფიული კვლევით კორონარული არტერიების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი დაზიანებები არ ვლინდება. ეს მდგომარეობა გამოწვეულია სტრესული სიტუაციით, ექსტრემალური ემოციებით, ნარკოტიკების მოხმარებით (კოკაინი, მეტამფეტამინი). ხშირადაა აღწერილი განქორწინების, საყვარელი ადამიანის დაკარგვის დროს, სიურპრიზების, ფინანსური პრობლემების ან თანხის მოგების დროს, საჯარო გამოსვლებისას. ძირითადად გვხვდება პოსტმენოპაუზურ ქალებში. ამ დროს გულის კუნთის უჯრედებში ვითარდება შექცევადი ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს მიკროვასკულარული დისფუნქცია, კორონარული არტერიის სპაზმი, კატექოლამინებით ჭარბი გამოყოფა. პაციენტების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება, დაახლოებით, ოთხ კვირაში. გართულება ვლინდება შემთხვევათა 20% -ში, რაც შეიძლება იყოს მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, მიტრალური რეგურგიტაცია, პარკუჭოვანი არითმია, მარცხენა პარკუჭში თრომბის ფორმაცია, მარცხენა პარკუჭის თავისუფალი კედლის რუპტურა, სიკვდილი.
ინფექციური კარდიომიოპათია – სხვადასხვა ინფექციურმა აგენტებმა შეიძლება გამოიწვიონ მიოკარდიტი და შედეგად განვითარდეს დილატაციური კარდიომიოპათია. მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა, რაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ვირუსმა, ბაქტერიამ, პარაზიტმა, სოკომ.
ტოქსიკური დილატაციური კარდიომიოპათია შეიძლება იყოს სხვადასხვა აგენტის ტოქსიკური ზემოქმედების პირდაპირი შედეგი, ალკოჰოლის, კოკაინის, მედიკამენტების (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიული საშუალებების) და რადიაციისგან.
ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის დისფუნქცია. ითვლება, რომ ალკოჰოლი ტოქსიკურია გულის მიოციტებისთვის.
ალკოჰოლური დილატაციური კარდიომიოპათის განვითარების რისკი დაკავშირებულია როგორც ალკოჰოლის საშუალო დღიურ მიღებასთან, ასევე დალევის ხანგრძლივობასთან. თუმცა, ინდივიდუალური მგრძნობელობა რჩება მნიშვნელოვანი. ალკოჰოლური დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში ექოკარდიოგრაფიულად ვლინდება დილატირებული მარცხენა პარკუჭი, დაქვეითებული კუმშვადი ფუნქციით (განდევნის ფრაქციით). ხშირად ვხვდებით ორივე პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას და გაგანიერებასაც (მიმდინარეობს ბივენტრიკულური გულის უკმარისობით). პირები, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი რაოდენობის ალკოჰოლს იღებენ, დილატაციური კარდიომიოპათიის განვითარების რისკი უვითარდებათ. ამ დაავადების რისკი მათ გარკვეულწილად გენეტიკურად აქვთ დეტერმინირებული.
გახსოვდეთ! თუ ადამიანი ალკოჰოლის მიღებას გულის მძიმე უკმარისობის აღმოცენებამდე შეწყვეტს, დილატაციური კარდიომიოპათიის პროგრესირება შეფერხდება და შესაძლოა, უკუგანვითარდეს კიდეც. ამ დროს ადრეული დიაგნოსტიკა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს და პროგნოზს. მათთვის კი, ვინც ალკოჰოლის მიღებას განაგრძობს და გულის უკმარისობაც აღენიშნება, პროგნოზი მძიმეა. მათი სამი მეოთხედი რამდენიმე წელიწადში იღუპება. ამრიგად, ალკოჰოლის მოხმარების ისტორიის ფრთხილად გამოკითხვა არის დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტის შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი.
იშემიური, დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის დაზიანების და კუმშვადი ფუნქციის დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს კორონარული არტერიების დაავადება, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
მშობიარობის შემდგომი კარდიომიოპათია გაურკვეველი ეტიოლოგიის დილატაციური კარდიომიოპათიის იშვიათი მიზეზია, რომელიც ხდება გვიან ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. დიაგნოზი მოითხოვს კარდიომიოპათიის სხვა მიზეზების გამორიცხვას. ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ სიმპტომების (ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გულის ფრიალი, ადვილად დაღლა) არსებობის შემთხვევაში ექოკარდიოგრაფიულ კონტროლს.
ასევე, მცირე პროცენტში ვხვდებით ტაქიკარდიით, პარკუჭების ჰიპერტრაბეკულაციის შედეგად განვითარებულ კარდიომიოპათიებს.
რა სიმპტომებით ხასიათდება დილატაციური კარდიომიოპათია?
დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე ზოგიერთ ადამიანს არ აქვს რაიმე ნიშნები ან სიმპტომები დაავადების ადრეულ სტადიაზე.
თავს მაშინ იჩენს, როდესაც გულის კუნთის დაზიანების გამო გულის უკმარისობა ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია:
- ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. თავდაპირველად ქოშინი ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს, მერე და მერე კი მოსვენების დროსაც აწუხებს პაციენტს;
- ქვემო კიდურების შეშუპება;
- ღვიძლის გადიდება;
- მუცლის ღრუში ან პლევრაში სითხის დაგროვება, რასაც მედიცინაში ასციტსა და ჰიდროთორაქსს უწოდებენ;
- ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე. ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება;
- გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი;
- გულის რითმისა და გამტარობის დარღვევა, თრომბოემბოლიური გართულებები.
როგორ ხდება დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოსტირება?
დიაგნოსტირებისთვის საჭიროა: ამბულატორიული მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენი, გულის MRI, ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში გულის კათეტერიზაცია, მიოკარდიუმის ბიოფსია.
როგორ ხდება ამ დაავადების მკურნალობა და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება?
მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. თითოეული პაციენტის მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. საწყისს ეტაპზე უნდა შეწყდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები – მაგალითად, ალკოჰოლის, კოკაინის ან მედიკამენტების მოხმარება, რაც შესაძლოა კარდიომიოპათიის განვითარების და პროგრესის მიზეზი იყოს.
დილატაციური კარდიომიოპათიის მედიკამენტური მკურნალობა ძირითადად მოიცავს გულის უკმარისობის შესაბამის მკურნალობას, ასევე, საჭიროების შემთხევაში, ანტიიშემიურ, ანტიარითმულ და ანტიკოაგულაციურ მედიკამენტებს. ზოგჯერ მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის და პაციენტები საჭიროებენ გულში და მოწყობილობების (პეისმეიკერი, კარდიოვერტერ დეფიბრილატორი) იმპლანტაციას, რათა თავიდან ავიცილოთ უეცარი კარდიული სიკვდილი სიცოცხლისთვის საშიში არითმიების განვითარების დროს.
პაციენტებში დილატაციური კარდიომიოპათიით, დეკომპენსირებული გულის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს გულის გადანერგვაც კი.