ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ პაპილომა ვირუსის შესახებ?

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტირება და რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია. 

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

აპვ ფართოდ გავრცელებული ვირუსია, პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევების დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები ან იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო. ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით. 

როგორ ხდება პაპილომა ვირუსის გავრცელება?

პაპილომა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა კონტაქტური გზით, სქესობრივი გზით, ინფიცირებული ადამიანის გენიტალიების კანთან, ლორწოვან გარსებთან, სეროზულ სითხეებთან კონტაქტისას ვრცელდება. პაპილომა ვირუსის გადამცემები მამაკაცები არიან, თუმცა მათ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ, ვირუსი განსაკუთრებული სიძლიერით  ქალებში ვლინდება.

იშვიათად, ვირუსი შეიძლება გადავიდეს დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ასეთ დროს შესაძლოა განვითარდეს ახალშობილთა იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება, რომელსაც რეკურენტული რესპირატორული პაპილომატოზი (RRP) ეწოდება. 

როგორ შეიძლება გამოვლინდეს, რა სიმპტომები ახასიათებს აპვ-ს?

შემთხვევათა 90%-ში ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ ან ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა, ხოლო 10%-ს უვითარდება           

პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია. თუ ქალი დაბალი რისკის ტიპის ვირუსითაა ინფიცირებული, სასქესო ორგანოებზე ჩნდება წარმონაქმნები – ე.წ. გენიტალური კონდილომები (მეჭეჭები), მაგრამ თუ ქალი ინფიცირებულია  მაღალი რისკის ვირუსით, ლორწოვან გარსში  საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები იწყება საბოლოოდ  კი უშუალოდ კიბო ვითარდება.

როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა?

აპვ-დიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

უშუალოდ ვირუსის გამოვლენას. HPV-DNA სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა. აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში, ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს. მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ქალს აუცილებლად დაემართება საშვილოსნოს ყელის კიბო. ეს მხოლოდ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს და მკურნალ ექიმს უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა. თუ მაღალი რისკის ქვეტიპები არ აღმოჩნდა, ქალს შეუძლია მომდევნო 5 წლის განმავლობაში მშვიდად იყოს – საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია (NCDC). 

პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს ტესტი) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა. ის რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ  უჯრედულ ცვლილებებს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით (ncdc). 

არსებობს თუ არა მკურნალობა?

მკურნალობის უნიკალური მეთოდები, სამწუხაროდ არ არსებობს,  უსიმპტომოდ მიმდინარეობისას მკურნალობა არ არის საჭირო. 

როგორ უნდა მოვიქცეთ რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკი?

ვაქცინა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GACVS) რეგულარულად განიხილავს ფაქტობრივ მონაცემებს აპვ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიისა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები. ზემოთაღნიშნული ყველა წყარო ადასტურებს  ვაქცინაციის დადებით შედეგს და უსაფრთხოებას. 

2014 წლის მარტში GACVS-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა (წყარო ncdc).

ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილი და მეტად ეფექტურია 9-13 წლის გოგონებში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.

აპვ ვაქცინა 70-ზე მეტ ქვეყანაში იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარშია შეყვანილი,  2006 წლიდან,  რაც ვაქცინა პირველად იქნა გამოშვებული, მთელ მსოფლიოში,  270 მლნ-ზე მეტი დოზით 100 მლნ-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული. 

 ვაქცინის უკუჩვენება: 

  • ორსულების ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული;
  • არ უნდა აღინიშნებოდეს ალერგია ვაქცინის, რომელიმე კომპონენტის მიმართ.

რა არის ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს პაპილომა ვირუსის სიმსივნედ გარდაქმნას?

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგ: ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, ა.შ.);
  • კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • მრავალი მშობიარობა;
  • ხშირი აბორტი.

და ბოლოს რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ვაქცინირებული ქალებისთვის კვლავ აუცილებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეგულარული ჩატარება.

როგორ ხდება ვაქცინაცია? 

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა. ის ხელმისაწვდომია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშიც, ვაქცინაციის ჩატარება უნდა მოხდეს შემდეგი სქემით:

  • 10-12 წლის გოგონებში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე;
  • 13-26 წლის გოგონებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, 2023 წელს ეძლევათ შესაძლებლობა, აიცრან დამატებითი ინტერვენციის სახით; 
  • 15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია სამჯერადია, სქემით: 0-2-6 თვე (წყარო NCDC).