ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ბავშვის და მისი მშობლებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას და მხარდაჭერას ფსიქო-სოციალური სამსახური ჰოსპიტლის დაარსების დღიდან უზრუნველყოფს როგორც ბავშვთა ამბულატორიაში, ასევე სტაციონარში. ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ ბავშვებთან და მათ მშობლებთან, რათა მათთვის დაგეგმილი სამედიცინო პროცედურები ნაკლებად სტრესული იყოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის და ოჯახის ფსიქოლოგიური მომზადება სამედიცინო პროცედურების წინ, როგორო უნდა მოვამზადოთ ბავშვი ექიმთან ვიზიტისთვის და როგორ ხდება საავადმყოფოს გარემოსთან შეგუება? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტი ანა მორგოშია.
- ყველა ბავშვი იმსახურებს ემოციურად უსაფრთხო გარემოსა და ზრუნვას საავადმყოფოში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვისა და ოჯახის ფსიქოლოგიური მომზადება მოსალოდნელი სამედიცინო გამოცდილებისთვის, იქნება ეს ამბულატორიაში ვიზიტი, ლაბორატორიული კვლევები, გეგმური ჰოსპიტალიზაცია თუ გადაუდებელი დახმარება.
გაურკვევლობა და საავადმყოფოს უცხო გარემო ბავშვებში და მშობლებშიც ზრდის შიშსა და შფოთვას. ბავშვისა და ოჯახის ფსიქოლოგიური მომზადების მიზანია სტრესისა და შფოთვის დონის შემცირება და გამკლავების უნარების გაძლიერება. ამისათვის ფსიქოლოგი ეხმარება მათ, ნათლად გაიგონ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ, შეასწორონ მცდარი წარმოდგენები, რაც შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ჰოსპიტალთან დაკავშირებით, ასევე, ეხმარება და ასწავლის ეფექტური გამკლავების სტრატეგიებს, რაც, თავის მხრივ, გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს.
რა მეთოდებით ხდება ბავშვისა და ოჯახის ფსიქოლოგიური მომზადება?
– ბავშვისთვის ურთიერთობისა და გარემოს შემეცნების მთავარი საშუალება არის თამაში. შესაბამისად, ფსიქოლოგიური მომზადების ძირითადი მეთოდი არის სწორედ თამაში. სამედიცინო გარემოში სპეციალისტები იყენებენ სხვადასხვა თამაშებს, როგორიცაა „ექიმობანა“ და სხვა ექსპრესიული თამაშები.
მომზადების მნიშვნელოვანი საშუალებაა თემატური წიგნები და გასაფერადებლები, მაგალითად: „ტასო გულის კლინიკაში“, “თედო კათეტერიზაციას იკეთებს“, „ელენე დამწვრობის ცენტრში“ და სხვა.
როდის და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ფსიქოლოგიური მომზადება?
– ფსიქოლოგიური მომზადება სამედიცინო პროცედურების წინ მნიშვნელოვანია ყველა ასაკში. განსხვავდება მხოლოდ სტრატეგიები და ტექნიკები. ბავშვის სამედიცინო გამოცდილებისთვის მომზადება იწყება იმ წუთიდან, როცა ის პირველად მოხვდება სამედიცინო გარემოში. ფსიქო-სოციალური სერვისის სპეციალისტი აწვდის რეკომენდაციებს და მასალებს მშობლებს (როცა ეს შესაძლებელია), რაც დაეხმარება ბავშვის სახლში მომზადებაში, მაგალითისთვის: ზოგადი ინფორმაცია ჰოსპიტლის შესახებ, გასაფერადებელი/ბუკლეტების გაცნობა, არაფორმალური ვიზიტი ჰოსპიტალში (გარემოს გასაცნობად, კითხვების დასასმელად).
რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისა და ოჯახის მომზადებისთვის?
– სამედიცინო პროცედურებისთვის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, განვითარება – ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობები, წინა სამედიცინო გამოცდილება. ფსიქო-სოციალური სერვისის სპეციალისტი კარგად იცნობს ასაკობრივ საჭიროებებს და შეუძლია დაგეგმოს მოსამზადებელი აქტივობები ბავშვის შესაძლებლობების, ოჯახური ურთიერთობების და სამედიცინო პირობების კონტექსტში.
სტაციონარში მოთავსების პირველ ეტაპზე სპეციალისტი აგროვებს ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, მშობლის/მეურვისგან ბავშვის ინტერესების, წარსული გამოცდილების შესახებ. მიღებული ინფორმაცია ეხმარება სპეციალისტს ფსიქო-სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებაში, მომზადების პროცესის დაგეგმვასა და ბავშვთან/ოჯახთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მშობლებს და მედ-პერსონალს.
რამდენად დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ბავშვს მისი ჯანმრთელობის და მკურნალობის შესახებ?
– ჩვილებისა და მობაჯბაჯეების მომზადება გულისხმობს უსაფრთხო სამედიცინო აღჭურვილობის კვლევას – ბავშვები ეხებიან მასალებს, ღეჭავენ, ათვალიერებენ და იკვლევენ. სპეციალისტი ჩვილი და მობაჯბაჯე ბავშვების მშობლებს აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სჭირდებათ მხოლოდ ბაზისური ინფორმაცია. მაგალითად, „შენს გულს შეკეთება სჭირდება და ამისთვის ჰოსპიტალში უნდა წავიდეთ“, მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ იკვლიონ აღჭურვილობა და გარემო, სადაც მას ეყოლება მხარდამჭერი უფროსი.
ზრდასთან ერთად, ახალი ინფორმაციის გაგების უნარი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რათა ისინი ეფექტურად გაუმკლავდნენ სტრესულ გამოცდილებას. სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მოსალოდნელი ქცევების გავარჯიშება და არჩევანი.
მოზარდებს სჭირდებათ უფრო დეტალური ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სხეულის ფუნქციონირებისა და მოსალოდნელი სამედიცინო პროცედურის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მოზარდებს უნდა მიეწოდოს როგორც წინასწარ, ასევე უშუალოდ პროცედურების ჩატარების პარალელურად და მათი დასრულების შემდგომ. გარდა ამისა, მათთვის ხშირად სასარგებლოა იმ მოზარდთან საუბარი, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდა მსგავს სიტუაციას.
ჩვენ გვესმის, რა რთულია ოჯახისთვის სტრესულ სიტუაციაში ბავშვთან საუბარი მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე. ამიტომაც, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტებს და მათ ოჯახებს ამაში ფსიქო-სოციალური სერვისის სპეციალისტები ეხმარებიან.