ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე და დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების წამყვან სპეციალისტებთან ერთად გერმანიაში ნიურბერგში 25-ე საერთაშორისო ექსპერტთა სიმპოზიუმს დაესწრნენ.
„კრიტიკული გამოწვევები აორტის ენდოპროტეზირებაში“ – ეს იყო კონფერენციის თემა, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ტარდებოდა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ნიურბერგის სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ერიკ ვეირჰოვენი.
კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სისხლძარღვთა ქირურგები და ინტერვენციული რადიოლოგები.
კონფერენციაზე განხილულ იქნა სისხლძარღვთა მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შედეგები, ისეთების, როგორიცაა აორტის ანევრიზმების ენდოვასკულური მკურნალობის შედეგები და გაუმჯობესებისთვის საჭირო მიდგომები.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა გაეცნო ევროპის წამყვანი კლინიკების სისხლძარღვთა ქირურგიული დეპარტამენტების განყოფილების უფროსებს და დაიგეგმა შემდგომში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ამ ეტაპზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კეთდება ყველა სირთულის სისხლძარღვთა ქირურგიული ოპერაციები, როგორც ენდოვასკულური, ასევე ღია წესით. სამომავლოდ იგეგმება ინოვაციური ოპერაციები უცხოელ კოლეგებთან ერთად.