ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ ჩუტყვავილას შესახებ  

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის მატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. დაავადებას იწვევს ზოსტერის ვირუსი varicella-zoster virus (VZV).

ჩუტყვავილას მიმდინარეობის პროცესზე, პრევენციასა და სამკურნალო ღონისძიებებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია: 

რა უნდა ვიცოდეთ ჩუტყვავილას შესახებ და როგორ უნდა მივხვდეთ, რა ვირუსი გვაქვს? 

ჩუტყვავილა ხასიათდება სწრაფი გავრცელებით, დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის, როდესაც დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში, ასევე შეიძლება გავრცელდეს კონტაქტური გზით, ავადმყოფის ნერწყვით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნებით.  

დაავადება  სწრაფად გადამდებია, ასევე  მას ახასიათებს  გრძელი ინკუბაციური პერიოდი. ინფიცირებულთან კონტაქტიდან 21 დღის განმავლობაში შესაძლებელია გამოგვივლინდეს ინფექცია.

როგორია კონტროლის ღონისძიებები?

აუცილებელია პაციენტის და კონტაქტის კონტროლი!  ჩუტყვავილას შემთხვევების უმეტესობა, მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი ამბულატორიულია, იშვიათია გართულებები, მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა. ამ უკანასკნელთათვის დაავადება შესაძლოა ლეტალურადაც კი დასრულდეს. 

კონტაქტირებულებზე მეთვალყურეობა მიმდინარეობს  მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის (21 დღე) განმავლობაში. უნდა მოხდეს:  ტემპერატურის კონტროლი, კანის ვიზუალური დათვალიერება, ჰიგიენის დაცვა. 

ჰიგიენის დაცვა რაიმე განსაკუთრებულ წესებს მოითხოვს? 

აუცილებელია პაციენტის მიერ ჰიგიენური წესების დაცვა, რათა თავიდან იყოს აცილებული მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროება -კანის ბაქტერიული ინფექცია. ყოველდღიურად საჭიროა ტანსაცმლის და თეთრეულის გამოცვლა;

არსებობს მითი, რომ ამ ინფექციის დროს დაბანა არ შეიძლება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს! რა თქმა უნდა,  პირად ჰიგიენას გადამწყვეტი როლი აქვს  ინფექციების გავრცელების პრევენციაში! 

რისკ-ჯგუფებს ვინ მიეკუთვნება? 

გამომდინარე იქიდან, რომ  მიმღებლობა დაავადების მიმართ საყოველთაოა და რისკი ყველასთვის მაღალია, მაინც უნდა აღინიშნოს რისკ-ჯგუფები, ესენია: ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.

ორსულები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ   ინფიცირებულთან კონტაქტს და  ხალხმრავალ ადგილებში  გადადგილებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში  ჩუტყვავილას აფეთქებაა. 

არის თუ არა ვაქცინაცია პრევენციის უმოკლესი გზა?

სამწუხაროდ, ჩუტყვავილას ვაქცინაცია გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში არ შედის, რაც დამატებით რისკებს ზრდის ჩვენი მოსახლეობისთვის. მშობლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება  კომერციულად.

გადატანილი ჩუტყვავილა რაიმე გართულებებს თუ ტოვებს? 

ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი რჩება ეგრეთ წოდებულ  „მთვლემარე მდგომარეობაში“ და შეიძლება გამოიწვიოს ჰერპეს-ზოსტერი. გადატანილი ჩუტყვავილა ტოვებს მყარ იმუნიტეტს და ხელმეორედ დასნებოვნება ძალზედ იშვიათია.