ბლოგი

5 მაისი ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღეა

სამედიცინო დაწესებულებებში უმაღლესი ხარისხის კონტროლისთვის, დაავადებათა პრევენციისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სამედიცინო პერსონალის ხელები და მათი სისუფთავე. 

ჰიგიენის თვალსაზრისით, არც ერთი სამედიცინო ინსტრუმენტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც  სამედიცინო პერსონალის ხელებია.

კამპანია „დაიბანე ხელები და გადაარჩინე სიცოცხლე“ ( SAVE LIVES: Clean Your Hands) ყოველი წლის  მაისის თვეში აღინიშნება და   სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნისთვის აერთიანებს – ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. 

150 წელზე მეტია, რაც ხელის ჰიგიენა აღიარებულია, როგორც ინფექციათა გადაცემის  საუკეთესო პრევენცია. 

ჰოსპიტალურ პრაქტიკაში,  თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ადამიანის ხელები   მუდმივად მუშაობაშია და მუდმივად კონტაქტშია სამედიცინო აღჭურვილობასთან და პაციენტებთან.  როგორც სამედიცინო პერსონალმა, ასევე ნებისმიერმა ადამიანმა ხელები უნდა დაიბანოს ნებისმიერი საქმიანობის დაწყების და დასრულების შემდეგ. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია გვესაუბრება ხელის ჰიგიენის აუცილებლობაზე. 

ხელის დაბანა აუცილებელია:

  • საკვების მომზადების წინ, მომზადების პროცესში და შემდეგ;
  • საკვების მიღების წინ და შემდეგ; 
  • ყველაზე ხშირად შეხებად ზედაპირებთან შეხების შემდეგ (კარის სახელური, საჭე, ლიფტის ღილაკები, პულტი და ა.შ)
  • ბავშვთან შეხების წინ;
  • ცემინების, ხველების დროს აუცილებელია ხველის ეტიკეტის დაცვა, ასევე ხელის ჰიგიენის ჩატარება;
  • ნებისმიერი სუფთა მანიპულაციის ჩატარების წინ;
  • ნაგავთან შეხების შემდეგ;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფის შემდეგ;
  • ავადმყოფი ადამიანის მოვლის წინ, შუაში და შემდეგ;
  • ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ;
  • როდესაც ხელები ვიზუალურად დაბინძურებული და ა.შ.

დაიმახსოვრეთ:

  • ხელის დაბანისთვის არ არის აუცილებელი ხილული ჭუჭყის არსებობა, მიკრობთა სამყაროს შემჩნევა შეუძლებელია. ჩვენს ორგანიზმში მილიარდობით მიკრობი ბინადრობს;
  • თუ წყალი ან საპონი არ არის ხელმისაწვდომი, დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით;
  • დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ –  სახეს, ცხვირს, თვალებს;
  • ხელების დაბანა არის მარტივი და ძალიან ეფექტური ხერხი ვირუსებისგან თავდაცვის.