ბლოგი

2 მაისი ასთმის მსოფლიო დღეა

ასთმის მსოფლიო დღე  1993 წელს  გლობალური ასთმის ინიციატივით (GINA) დაარსდა. მისი მიზანია ასთმის შესახებ ცნობიერების ამაღლება. GINA მთელი  მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს ჯანდაცვის პროფესიონალებთან, პაციენტების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, რათა შემცირდეს ასთმის გავრცელება, ავადობა და სიკვდილიანობა.

ასთმის შესახებ გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი, 

ექიმი თერაპევტი ლელა გელაშვილი 

რა არის ასთმა? როგორია დაავადების გავრცელება მსოფლიოში?

ეს არის სასუნთქი გზების სერიოზული ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის განვითარებაში მონაწილეობენ უჯრედები: T ლიმფოციტები, ნეიტროფილები და ეპითელური უჯრედები. ანთებითი პროცესი იწვევს ბრონქების მგრძნობელობის მომატებას მთელი რიგი ფაქტორების მიმართ, შედეგად ვითარდება სასუნთქი გზების ცვალებადი (შექცევადი) ობსტრუქცია. მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 300 მილიონი ადამიანია ასთმით დაავადებული.  გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან 75%-ით გაიზარდა სიხშირე. ასთმა  გავლენას ახდენს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, დიდ ტვირთს აკისრებს პაციენტებს, მათ ოჯახებს და საზოგადოებას. ის იწვევს რესპირატორულ სიმპტომებს, აქტივობის შეზღუდვას და გამწვავებას (შეტევებს), რომლებიც ზოგჯერ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. 

რა სიმპტომებით ხასიათდება ასთმა? 

ასთმა იწვევს რესპირატორულ სიმპტომებს, როგორიცაა ხიხინი, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა და ხველა. სიმპტომების სიხშირე და ინტენსივობა შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. ეპიზოდური სიმპტომები – ასთმის სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება და მიმდინარეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში და  ქრება სპონტანურად, გამომწვევი ფაქტორის მოცილებით, ან ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტების საპასუხოდ. ასთმის მქონე პაციენტები შეიძლება დარჩნენ უსიმპტომოდ დიდი ხნის განმავლობაში. სიმპტომები, რომლებიც ღამით ჩნდება, ხშირად ასთმის მახასიათებელია.

როგორ ხდება ასთმის დიაგნოზის დადგენა ?

ასთმის დიაგნოზი მნიშვნელოვნად ემყარება:  

ანამნეზის შეკრებას: ოჯახური ანამნეზი( ალერგია/ატოპია, ასთმა), შეტევები ღამით, მწვავე რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ ხველის გახანგრძლივება 10 დღე და მეტი, ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული შეტევები, სპეციფიურ ტრიგერთან დაკავშირებული შეტევები, საცდელ მკურნალობაზე დადებითი შედეგი. 

ავადმყოფის ფიზიკურ გასინჯვას: ხველა, მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, სხვა ალერგიული დაავადებები (ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი). 

ასევე ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას (სპირომეტრია, პიკფლოუმეტრია) 

რა არის ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორები, ეგრეთ წოდებული ტრიგერები? 

ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორებია: 

ფიზიკური დატვირთვა, ჰიპერვენტილაცია – ჩვეულებრივ, ვარჯიშით გამოწვეული სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება 5-დან 15 წუთამდე ხანმოკლე (ხუთი წუთი) ვარჯიშის შემდეგ ან, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ და ქრება დასვენებით, დაახლოებით, 30-60 წუთის განმავლობაში.

ასთმის დროს, ვარჯიშით გამოწვეული სიმპტომები უფრო მოკლე დროში ჩნდება და უფრო ინტენსიურია, განსაკუთრებით როდესაც ჩასუნთქული ჰაერი ცივია. 

ალერგენები – ასთმის სიმპტომები ვითარდება ალერგენების ზემოქმედებით. ალეგენებია – მტვრის ტკიპები, ობის სოკოები, ბეწვიანი ცხოველები, ტარაკნები და მტვერი.  შეტევების არსებობისას მნიშვნელოვანია პაციენტისგან მივიღოთ ინფორმაცია: ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები, არის თუ არა სახლში ხალიჩა ან ფარდები (მტვრის ტკიპის ზემოქმედება),  არის თუ არა სახლში ტენიანი გარემო: წყლის დაზიანება, ხილული ჭუჭყიანი, ნესტიანი ან დაბინძურებული სარდაფი (ობის სოკოების ზემოქმედება)  ჰყავთ თუ არა  მღრღნელები  ან ტარაკნები. 

ალერგენები ძალიან იშვიათად იწვევენ მხოლოდ ასთმის სიმპტომებს, უხშირესად გვხდება სხვა ალერგიული გამოვლინებებიც, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და სხვ. 

გარემოს და ჰაერის დაბინძურება – სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია გამაღიზიანებლის ტიპის ზემოქმედებით (მაგალითად, სიგარეტის კვამლი,  ამინდის ცვლილებები, ჰაერში ქიმიკატები ან მტვერი). 

ვირუსული ინფექციები –  ხშირად გვევლინება დაავადების გამწვავების მაპროვოცირებელ ფაქტორად.

ფარმაკოლოგიური – ასთმისთვის ტიპური  ხველა, ხიხინი და/ან გულმკერდის შებოჭილობა გვხვდება  ასპირინის ან ნებისმიერი ციკლოოქსიგენაზა-1 ინჰიბიტორის მიღებიდან 30-დან 120 წუთამე, მაგრამ ეს  გვხვდება ასთმით დაავადებული  პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილში  (დაახლოებით 7%-ში). ასევე შეიძლება შეგვხვდეს ისეთი მედიკამენტების ზემოქმედებით, როგორცაა  მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

პროფესიული ფაქტორები – მოზრდილებში ახალდაწყებული ასთმის შემთხვევების დაახლოებით 10% გამოწვეულია სამუშაო ადგილის ზემოქმედებით. ასთმის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს სამუშაო გარემოში ან დაკავშირებული იყოს სამუშაო გარემოსთან.  

ძლიერი ემოციური ფაქტორები – შეიძლება გახდეს ასთმის სიმპტომების მაპროვოცირებელი. 

როგორ ხდება დაავადების სიმძიმის შეფასება? 

დაავადების სიმძიმის შეფასება ხდება მკურნალობის დაწყებამდე. სიმპტომების და გამწვავებების სიხშირის, ფიზიკური აქტივობის, ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით არსებობს დაავადების ოთხის ხარისხი:

მსუბუქი ინტერმისიული 

  • სიმპტომები –  2-ჯერ ნაკლები კვირაში
  • ღამის სიმპტომები – 2-ჯერ ნაკლები თვეში 
  • ხანმოკლე გამწვავებები
  • გამწვავებებს შორის სიმპტომების არარსებობა, ფილტვის ფუნქციური მდგომარეობა ნორმალური
  • სპირომეტრიის ინტერპრეტაცია – (FEV1 და PEF მოსალოდნელი სიდიდის 80%-ზე მეტი, PEF ცვალებადობა  ნაკლები 20%-ზე)

მსუბუქი პერსისტული

  • სიმპტომები  2-ზე მეტია  კვირაში, მაგრამ ნაკლებია 1-ზე დღეში
  • ღამის სიმპტომები თვეში მეტია 2-ზე
  • გამწვავებები გავლენას ახდენს ფიზიკურ აქტივობაზე
  • სპირომეტრიის ინტერპრეტაცია  (FEV1 და PEF 80%-ზე მეტი მოსალოდნელი სიდიდის, PEF  20-30%)

საშუალო სიმძიმის პერსისტული

  • ყოველდღიური სიმპტომები
  • ღამის სიმპტომები 1-ზე მეტი კვირაში 
  • გამწვავებები 2-ზე მეტი კვირაში
  • ხანმოკლე მოქმედების B2 აგონისტების ყოველდღიური გამოყენება
  • სპირომეტრიის ინტერპრეტაცია  (FEV1 და PEF 60%-ზე მეტი  და 80%-ზე ნაკლები მოსალოდნელი სიდიდის, PEF ცვალებადობა 30%-ზე მეტი)

მძიმე პერსისტული

  • მუდმივი სიმპტომები
  • ხშირი ღამის სიმპტომები
  • ხშირი გამწვავებები
  • შეზღუდული ფიზიკური აქტივობა
  • სპირომეტრიის ინტერპრეტაცია (FEV1 და PEF 60%-ზე ნაკლები მოსალოდნელი სიდიდის, PEF ცვალებადობა 30%-ზე მეტი).

რას მოიცავს ასთმის მკურნალობა? 

ასთმის მკურნალობა შედგება შეტევის მომხსნელი (სწრაფად მოქმედი, შემამსუბუქებელი) მედიკამენტების და გრძელვადიანი (მაკონტროლებელი, პრევენციული ) მედიკამენტებისგან.

ბრონქული ასთმის ძირითადი სამკურნალო საშუალებებია:

  • კორტიკოსტეროიდები (საინჰალაციო, სისტემური)
  • B2 აგონისტები სწრაფი  (SABA) და გახანგრძლივებული (LAMA) მოქმედების
  • ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები
  • პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებელი (კრომონები)
  • მეთილქსანტინები
  • ანტიქოლინერგული საშუალებები

ასთმის გრძელვადიანი მკურნალობა მოიცავს საფეხურებრივ მიდგომას. თუ ასთმის კონტროლი მიღწეულია 3 თვე და მეტი პერიოდის განმავლობაში, მკურნალობას განვიხილავთ საფეხურით ქვემოთ. 

კონტროლის მიღწევის შემდეგ 3-6 თვეში ერთხელ ხდება მკურნალობის გეგმის გადახედვა. 

როგორ ხდება დაავადების მართვა ? 

მნიშვნელოვანია ექიმის მიერ პაციენტის შეფასება და მონიტორინგი.  ასთმით დაავადებულ ყველა პაციენტს უნდა ჰქონდეს წერილობითი სამოქმედო გეგმა და არა მხოლოდ სიტყვიერი მითითებები. ასთმის მკურნალობა უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალურ პაციენტზე, უნდა მოხდეს  სიმპტომების კონტროლი,   გამწვავების პრევენცია და რისკის ფაქტორების აღმოფხვრა. 

სწორი  მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ასთმის სიმპტომების სიხშირეს და სიმძიმეს, ამცირებს გამწვავების სიხშირეს და  სიკვდილის რისკს.

რას ურჩევთ ბრონქული ასთმით დაავადებულ ადამიანებს?  

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი დაავადებული ხართ ასთმით, მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას  დაავადების, მისი ეფექტურად მართვის, მკურნალობის, პრევენციის შესახებ. 

საბედნიეროდ, ასთმის ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია და პაციენტების უმეტესობას შეუძლია ასთმის კარგი კონტროლის მიღწევა. ასთმის კარგი კონტროლი ნიშნავს, რომ თქვენ  შეგიძლიათ:

  • თავიდან აიცილოთ დღისა და ღამის სიმპტომები
  • მინიმალურად ან საერთოდ არ გესაჭიროებოდეთ შეტევის მომხსნელი მედიკამენტები 
  • გქონდეთ  ფიზიკურად აქტიური ცხოვრების რიტმი
  • გქონდეთ ნორმალური ან თითქმის ნორმალურად მოფუნქციონირე ფილტვები
  • თავი აარიდოთ  ასთმის სერიოზულ გამწვავებებს (გამწვავებებს, ან შეტევებს)

კარგად ნამკურნალევი ასთმა ნიშნავს ცხოვრების აქტიური წესის შენარჩუნებას