ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ახლოსაა საქართველოში პედიატრიული ონკოლოგიის პრობლემების გადაჭრასთან.
ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Healing-ისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთო პროექტმა 2017/2018 წლებში მოიპოვა USAID-ის ASHA-ს (American Schools and Hospitals Abroad) პროგრამის გრანტი, რომლითაც შევძელით საქართველოში პირველი სრულფასოვანი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად საჭირო სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულება.
ჩვენი მთავარი მხარდამჭერი და მენტორი სამედიცინო ექსპერტიზაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ამერიკული კვლევითი ჰოსპიტალი – Saint Jude Childrens Research Hospital. მათი ექსპერტიზით, ტრენინგებით, საუკეთესო პრაქტიკების, პროტოკოლებისა და კვლევითი ქსელების გაზიარებით ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე იქმნება ბავშვთა ონკოლოგიის მოწინავე ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკის ბაზაზე ზუსტად ასევე, ამერიკელი პარტნიორების, Global Healing-ისა და ამერიკული სამედიცინო ცენტრის Boston Medical-ის მხარდაჭერით, 27 წლის წინ საქართველოში შეიქმნა ბავშვთა გულის ქირურგიის ცენტრი, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ოპერირებს დარგის საუკეთესო სტანდარტით.
უღრმესი მადლობა ჩვენს პარტნიორებს! დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ დასახულ ამოცანასთან საბოლოოდ გამკლავებას – საქართველოში ონკოლოგიური დაავადებით შეპყრობილ ყველა ბავშვს საკუთარ ქვეყანაშივე ექნება წვდომა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისზე.
.