რა არის სეზონური გრიპი და როგორ ვრცელდება ის? როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისგან ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.
რა არის სეზონური გრიპი?
გრიპი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადობს გრიპის ვირუსით. სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს სეზონურ აფეთქებებს. მოსახლეობის უმეტესობა გრიპის ავადობას საკმაოდ მარტივად უყურებს, რაც არ არის სწორი გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. მაგ: პნევმონია (ფილტვების ანთება), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), ბავშვებში ყურის ინფექციები, ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვები და ა.შ.
როგორ ვრცელდება გრიპი?
ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. ვინ არის გრიპის მაღალი რისკის ქვეშ? განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან: ჩვილები, განსაკუთრებით 2 წლამდე; ორსულები, ხანდაზმულები 65 წელს ზევით; ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ). როგორია გრიპის ინკუბაციური პერიოდი და რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი? ძირითადად გრიპის ვირუსის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (იშვიათად – მეტიც) განმავლობაში, როგორც წესი სიმპტომების გამოვლენა იწყება გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ კი 2 დღის განმავლობაში.
როგორი სიმპტომატიკით ხასიათდება გრიპი?
ძირითადი სიმპტომებია:
- საერთო სისუსტე;
- ცხელება;
- ხველა;
- ყელის ტკივილი;
- ცხვირიდან გამონადენი;
- თავის ტკივილი და ტკივილი კუნთებში;
- შესაძლოა იშვიათად თან ახლდეს დიარეა/ღებინება.
მკურნალობა!
ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ადამიანები მიმართავენ თვითმკურნალობას ვირუსული ან ანტიბაქტერიული მედიკამენტებით, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიღება არის დიდი შეცდომა. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ აუცილებლად მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ბევრი უკუჩვენება ან გართულება, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება ვირუსული ინფექციების დროს არის დაუშვებელი, რადგან ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს. ვირუსული ინფექციების დროს, როგორიც არის გრიპი ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება აუარესებს და ართულებს მდგომარეობას. ნებისმიერ შემთხვევაში მედიკამენტების მიღებამდე აუცილებელია ექიმის ჩართულობა.
როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან?
გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება.
ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფებია:
- 65 წელს გადაცილებულები;
- ორსულები 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
- ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
- ჯანდაცვის მუშაკები ა.შ.
ვაქცინაციას უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და შეიძლება ითქვას ყველასთვის რეკომენდებულია სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.
საჭიროა თუ არა ყოველწლიურად ვაქცინაცია?
ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი არ არის მუდმივი, ვირუსის სხვადასხვა ტიპის ცირკულაციის გამო ადამიანები ყოველწლიურად ხდებიან სეზონური გრიპით ავად, აქედან გამომდინარე ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა და პერიოდული განახლება, რის გამოც საჭიროა ყოველწლიურად ვაქცინაცია.
რეკომენდაციები!
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დროს აუცილებელია დარჩეთ სახლში და მოერიდოთ ხალხთან კონტაქტს. ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა, ექიმის რეკომენდაციით.