ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ?

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის(IDF-ის) ატლასის მე-10  გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში   537 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით, ანუ მოსახლეობის ყოველი მე-10 პირი.

2045 წლისათვის  ამ რიცხვის ზრდა 743 მილიონამდეა სავარაუდო.

შაქრიანი დიაბეტი ეს არის  ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, გამოხატული  ჰიპერგლიკემიით, ანუ სისხლში შაქრის დონის მატებით.   

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ, როგორია გართულებები და როგორ უნდა მოვუაროთ თავს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი – სალომე ბულისკერია. 

–   დიაბეტი  რამდენიმე ტიპისაა: ტიპი1, ტიპი2, ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი და სხვა სპეციფიკური  ტიპები. 

ტიპი1  დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც  პანკრეასის ბეტა უჯრედები ზიანდება ანტისხეულების მიერ, და დიაბეტის განვითარების მიზეზი ინსულინის არარსებობაა. მეტწილად ის ვითარდება ახალგაზრდა ასაკში, თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს  ნებისმიერ ასაკში.

გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის დროს, ხოლო მშობიარობის შემდეგ გლიკემია კვლავ ნორმალიზდება. ასეთი ქალები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ მომავალში  მათ  შდტ2–ის  განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

–   შაქრაინი დიაბეტის  90%  მოდის  ტიპი2  დიაბეტზე, რა განაპირობებს ამას? 

შდტ2–ის განვითარებაში სხვადასხვა პათოფიზიოლოგიური მექანიზმები მონაწილეობს, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ინსულინრეზისტენტობა,  ანუ ორგანიზმის საკუთარი ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება და ასევე  ფარდობითი  ინსულინის დეფიციტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსულინი ორგანიზმში არსებობს, თუმცა ის საკმარისი არაა.

შდტ2-ის   განვითარების  ძირითადი რისკფაქტორებია: მემკვიდრეობა, სიმსუქნე, ხანდაზმულობა, სტრესი.  ამ რისკის ფაქტორებიდან ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ  სიმსუქნის პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად  შეამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. 

–   გარდა  სიმსუქნისა  კიდევ  რომელი  დაავადებებია  ასოცირებული  შაქრიანი  დიაბეტი ტიპი 2-თან?

გარდა სიმსუქნისა, შდტ2 –თან ერთად ხშირად ვლინდება ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, კორონარული არტერიების დაავადება.

რაც შეეხება გართულებებს, ესენია: ცერებრული ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, რომლის შედეგადაც ხშირად ვითარდება განგრენა, სიბრმავე, თირკმლის უკმარისობა, ნეიროპათია  და სხვა. რაც იმას ნიშნავს, რომ  გაუკონტროლებელი დიაბეტი იწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მოშლას და ინვალიდობას. 

–   როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველ  5 წამში  1 ადამიანი  იღუპება შაქრიანი დიაბეტით !!!

აქედან გამომდინარე მარტივია გავაკეთოთ დასკვნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შდტ2–ის პრევენცია  და არსებობის შემთხვევაში კარგი მართვა!

–   რას გულისხმობს მართვა? 

თანამედროვე მართვის პრინციპები კი გულისხმობს არა მარტო შაქრის დონის ნორმალიზებას სისხლში, არამედ  თანმხლები დაავადებების მკურნალობასაც და გართულებების პრევენციას!

აღსანიშნავია, რომ შდტ2–ის  მართვისას ძველი ჯგუფის პრეპარატებიდან მეტფორმინი ისევ აქტუალურია და ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრეპარატია, ხოლო შედარებით  ახალი  ჯგუფის პრეპარატებს  რაც შეეხება, დღეს ბევრად მეტი ფუფუნება გვაქვს შდტ2–ის მართვაში, ვიდრე ეს ახლო წარსულში იყო, ვინაიდან არსებობენ ისეთი პრეპარატები, რომლებიც არა მარტო შაქრის დონეს აქვეითებენ სისხლში, არამედ მათ დამტკიცებული სარგებელი აქვთ კარდიოვასკულური და ნეფროგენული სიკვდილობის შემცირებაში, წონაში კლების სერიოზული ეფექტებითა  და ზოგადი სიკვდილობის შემცირების სტატისტიკით. 

ამ ჯგუფებიდან აღსანიშნავია SGLT-2-ის ინჰიბიტორები, რომელთაც განსაკუთრებული სარგებელი აქვთ გულის უკმარისობისა და თირკმლის უკმარისობის მკურნალობაში, ისინი არტერიულ წნევასაც აქვეითებენ და წონის კლებასაც  განაპირობებენ; 

GLP1-რეცეპტორების აგონისტები, რომელთაც ასევე აქვთ კარდიოვასკულური სარგებელი და  წინა ჯგუფთან შედარებით,  ბევრად მეტად გამოხატული წონაში კლების ეფექტი, ეს ეფექტი იმდენად მძლავრია, რომ  მათ ამჟამად იყენებენ სიმსუქნის მკურანლობაში შდტ2–ის გარეშე პაციენტებშიც. 

და სულ ახალი GIP/GLP1–რეცეპტორების აგონისტები, რომლებსაც მსგავსი ეფეტები აქვთ, რაც ზემოთ ნახსენებ ჯგუფს, თუმცა გაცილებით მძლავრი, იქამდე რომ მათი წონაში კლების ეფეტი პრაქტიკულად ბარიატრული ქირურგიის შემდგომი ეგფექტის მსგავსია.  

და ბოლოს,  მეტაბოლური ქირურგია, უკანასკნელი  გაიდლაინით შესაძლებელია პაცინეტებს  პირდაპირ შევთავაზოთ, თუ მათი სხეულის მასის ინდექსი და რისკები  გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 

ყოველივე  ზემოთაღნიშნული  მედიცინის მიღწევა ძალიან დიდი საქმეა, და მნიშვნელოვან უპირატესობებს გვანიჭებს, თუმცა  არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის  ორგანიზება.   აუცილებელია პაცინეტის განსწავლა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა! 

ვფიქრობ, ამ  მიმართულებით საქართველოში აუცილებელია დიაბეტის სკოლების რაოდენობის გაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადება. ასევე, პაციენტებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურების შექმნა და ამუშავება. 

კარგი იქნება, რომ  ამ საქმეში აქტიურად  ჩაერთონ არა მარტო  შემდგარი  ექიმები, არამედ რეზიდენტებიცა და სტუდენტებიც, ვინაიდან მოხდეს ფუნქციების სწორი განაწილება, პაცინეტებისათვის ადექვატური  დროის დათმობა და მათი ბინაზე მართვის  უფრო ხარისხიანი კონტროლი  მიმდინარე კონსულტაციასა  და  მომავალ ვიზიტს  შორის.