ბლოგი

თავის ტკივილი ბავშვებში – მანიპულაცია თუ რეალობა? 

ბავშვების, დაახლოებით, 60% მართლაც განიცდის თავის ტკივილს. ბავშვთა ასაკში თავის ტკივილის ვარიანტები ძირითადად  მოზრდილ ასაკში განვითარებული თავის ტკივილის ტიპების მსგავსია, თუმცა, აქვს ასაკობრივი თავისებურებები.

რამდენად ხშირად მანიპულირებენ ბავშვები თავის ტკივილით და როდის უნდა მიაქციოს მშობელმა ბავშვის თავის ტკივილს  ყურადღება? ამ თემაზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი თამარ აბაშიძე. 

თავის ტკივილის შემთხვევაში აქვს თუ არა მნიშვნელობა გენეტიკას?

პრობლემა უფრო ხშირია იმ ოჯახების ბავშვებში, სადაც ვინმეს აწუხებს თავის ტკივილი (შაკიკი).

რომელი ასაკიდან გვხვდება თავის ტკივილი და აქვს თუ არა სქესს მნიშვნელობა?

ახალშობილსაც კი შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი.  ზოგადად, 3 წლამდე ბავშვებში უფრო ნაკლებად არის გავრცელებული თავის ტკივილი, ვიდრე უფროს ბავშვებში. ბიჭები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ დაავადების მიმართ პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკამდე, ხოლო გოგონები შემდეგ.

რა არის თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი?

თავის ტკივილის ყოველ შეტევას აქვს მიზეზი: 

  • ემოციური ფაქტორები (სტრესი, დაძაბულობა, შფოთვა ან დეპრესია (დიახ, ბავშვებიც განიცდიან დეპრესიას);
  • ზედმეტი მუშაობა (დატვირთვა ან ძილის ნაკლებობა);
  • შიმშილი ან გარკვეული საკვები და სასმელი. ითვლება, რომ ისეთი  პროდუქტები, როგორიცაა შებოლილი ყველი,  შოკოლადი, მარინადი, არაჟანი, იოგურტი,  თხილი, მიწის თხილის კარაქი, მჟავე კომბოსტო,  დიდი რაოდენობით ციტრუსები, ბანანი, შესაძლოა ასოცირებული იყოს თავის ტკივილის შეტევის განვითარებასთან;
  • თავის ტრავმა;
  • ვირუსული დაავადებები (სინუსიტი, ფარინგიტი, შუა ოტიტი, გრიპი, მენინგიტი, ენცეფალიტი); 
  • იშვიათ შემთხვევებში, ტვინის სიმსივნე, აბსცესი ან სისხლდენა. 

რა ტიპის თავის ტკივილი გვხვდება ბავშვთა ასაკში?

ბავშვთა ასაკის თავის ტკივილის ტიპები მოზრდილთა ტკივილის ანალოგიურია, თუმცა, აქვს თავისებურებები: 

შაკიკი ვლინდება ინტენსიური, მეტად პულსირებადი ხასიათის ტკივილით, ლოკალიზებულია ერთ მხარეს შუბლ-საფეთქლის არეში, უფრო იშვიათად თვალბუდის არეში.  ხშირად ახლავს ღებინება, რასაც მოაქვს ხანმოკლე შვება. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში შაკიკს უპირატესად ორმხრივი ხასიათი აქვს.

დაძაბვის თავის ტკივილი – თავისა და კისრის კუნთების გადაძაბვის შედეგად  განვითარებული ორმხრივი ტკივილია და ლოკალიზებულია შუბლის ან შუბლ-საფეთქლის მიდამოში. მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის, მოჭერითი და ზეწოლითი ხასიათისაა.  შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე საათი და ხშირად გაივლის დასვენების შედეგად.  

კლასტერული თავის ტკივილი  იშვიათია 10  წლამდე ასაკში. მისთვის დამახასიათებელია:  ხუთი ან მეტი ეპიზოდის ზედიზედ განვითარება; ტკივილი არის მძაფრი, როგორც წესი, ცალმხრივი,  ხანმოკლე, კლასტერი იშვიათად გრძელდება 3 სთ–ზე მეტხანს. შესაძლოა, თანხლებული იყოს ცრემლდენით, ცხვირიდან გამონადენით,  აჟიტირებით.

ინფექციის თანმდევი თავის ტკივილი წინ უსწრებს ან გამოვლინდება დაავადების მიმდინარეობისას და ახლავს ტემპერატურის მატებას, კატარალურ მოვლენებს.

ნეიროინფექციის დროს გამოხატულია გამჭოლი, ნებისმიერი ლოკალიზაციის თავის ტკივილი, რასაც შესაძლოა ახლდეს გულისრევა, ღებინება, გულყრა.

თავის ტვინის სიმსივნესთან ასოცირებული თავის ტკივილი ქალასშიდა წნევის შედეგია, ხასიათდება მეტად დილით გამოხატული გამჭოლი ტკივილით, ახლავს გულისრევა, ღებინება, რომელსაც შვება არ მოაქვს.

ჩვილ ბავშვებში თავის ტკივილი გამოვლინდება უმიზეზო ტირილით, მონოტონური ყვირილით. ხშირია ამოქაფება, შადრევანისებრი ღებინება, ძილის დარღვევა. დიდი ყიფლიბანდი ქალას დონიდან ამოწეულია.

სამწვერა ნერვის ნევრალგია  გადაცივების, ტრავმის,  ინფექციის (მეტად ჰერპეს ვირუსით) არის გამოწვეული. გამოვლინდება ლოყის, შუბლის, ყბის არეში ლოკალიზებული პულსირებადი, შეტევითი ხასიათის ტკივილით, რასაც ზოგჯერ ახლავს ცრემლდენა და/ან ნერწყვდენა.

თვალის გადაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილი ბავშვთა ასაკის  ხშირი ჩივილია. ბავშვის ორგანიზმს უჭირს გამკლავება მხედველობის ნერვის დატვირთვასთან, რასაც ადგილი აქვს კითხვის, ტელევიზორის ყურების, გაჯეტებით გართობის დროს. ტკივილს აქვს თავზე მოჭერის,  თვალებზე ზეწოლის, თვალებში ჭრის ხასიათი, შესაძლოა, ცრემლდენა და არ ახლავს გულისრევა და ღებინება .

როდის მივმართოთ ნევროლოგს?

მიმართეთ ნევროლოგს, თუ ბავშვს აღენიშნება:

  • უეცრად აღმოცენებული თავის ტკივილი;
  • უჩვეული, მსროლავი ხასიათის ტკივილი, რასაც ახლავს თავში ან ყურებში ხმაური;
  • სხეულის პოზის შეცვლისას ტკივილის გაძლიერება;
  • დილის თავის ტკივილი;
  • ძლიერი ტკივილი ტრავმის მიღების შემდეგ;
  • მაღალი ინტენსივობის ტკივილი, რომელსაც  ახლავს სისუსტე, დაბუჟება, მგრძნობელობის დარღვევა, ცნობიერების შეცვლა ან მოძრაობის შეზღუდვა.

ამ შემთხვევაში ნევროლოგის მიერ განისაზღვრება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის ტაქტიკა და დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა. 

რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა? 

თავის ტკივილის პრევენციისთვის მშობელმა უნდა დაიცვას მარტივი წესები:  შეუქმნას ბავშვს მყუდრო გარემო, დაიცვას სტრესებისგან, უზრუნველყოს სრულფასოვანი კვება, სეირნობა.  

და ბოლოს, თავის ტკივილი ის ჩივილია, რომლითაც ბავშვი ხშირად მანიპულირებს, რომ თავი აარიდოს არასასურველ საქმიანობას,  მისთვის არასასიამოვნო გარემოში მოხვედრას. მაგრამ, მაინც აუცილებელია, მშობლები ყურადღებით იყვნენ,  ამ „გამოგონილი“  ტკივილის უკან  მნიშვნელოვანი პრობლემა არ იმალებოდეს.