ბლოგი

24-30 აპრილს ევროპული იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება

ევროპული იმუნიზაციის კვირეული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული. კვირეული ყოველწლიურად ტარდება ევროპის ქვეყნებში. საქართველო სხვადასხვა აქტივობით უერთდება კვირეულს, რომლის მთავარი მიზანია, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს პროფილაქტიკური აცრების მნიშვნელობასა და  სიკეთეზე. აცრა სხვადასხვა  ინფექციური, მათ შორის,  სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების, უალტერნატივო პრევენციაა.

აცრის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი ლალი გელაშვილი.

 

– რა უნდა ვიცოდეთ იმუნიზაციის შესახებ?

იმუნიზაცია იწყება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში კალენდარული აცრებით, რომელიც დადგენილია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული ცენტრის მიერ. დაბადებისთანავე, სამშობიაროში კეთდება  B ჰეპატიტის და BCG ვაქცინაციები, ხოლო 2 თვიდან იწყება გეგმიური: – დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა, როტავირუსული, პნევმოკოკური ვაქცინაცია (შესაბამისი ასაკობრივი რევაქცინაციებით). 1 წლის და 5 წლის ასაკში კეთდება კალენდარული აცრები: –  წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ამ ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელია 95%). 10-11-12 წლის ასაკის გოგონებში კეთდება ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრები.

 

– როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება კალენდარული  აცრების მიმართ

მუშაობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, ზოგადად, ჩვენი მოსახლეობის, მშობლების მენტალური დამოკიდებულებები პროფილაქტიკური, კალენდარული და სტრატეგიული ვაქცინებით ჩატარებული აცრების მიმართ, წინა წლებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული და შედეგებზე ორიენტირებულია. მიუხედავად ვაქცინაციის მიმართ გამიზნული თუ გაუმიზნავი დისკრედიტაციის მცდელობისა,  ჩვენ ერთ ჯანსაღ მხარეზე აღმოვჩნდით.

 

– როგორ მუშაობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმუნიზაციის კაბინეტი?

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს აქვს სათანადო რესურსი, დაეხმაროს მშობლებს, ექიმებს და უზრუნველყოს ბავშვთა კონტინგენტისათვის რეკომენდებული ვაქცინებით მომარაგება. აცრები ტარდება უფასოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯო ენში მუშაობს ფსიქო-სოციალური სამსახური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებას. ფსიქოლოგების ჩართულობით, ბავშვები სტრესის გარეშე იკეთებენ აცრას.

 

– რას ურჩევდით მშობლებს?

დაინტერესდნენ შვილების აცრის სტატუსით, ხომ არ გამორჩათ რომელიმე ასაკობრივი აცრა, დაუკავშირდნენ  ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, იმუნიზაციის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებს, მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება და დაიცვან შვილები სიცოცხლისთვის საშიში  ინფექციური დაავადებებისაგან.