ბლოგი

გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები

გულის იშემიური დაავადება (გიდ) ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხარისხს და აქვს ხშირი ლეტალური გამოსავალი.

რა უნდა ვიცოდეთ გულის იშემიური დაავადების შესახებ და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი სპარტაკ ლეკვეიშვილი.

რას წარმოადგენს გულის იშემიური დაავადება?

გულის იშემიური დაავადებას, ანუ გიდ-ს N1 მკვლელად, ცივილიზაციის დაავადებად და მე-20 საუკუნის შავ ჭირად მოიხსენიებენ თავისი გავრცელების და ხშირი ლეტალური გამოსავლის მიხედვით.

გიდ არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სტაბილური მიმდინარეობა და გამწვავება. გიდ-ის გამწვავება განიხილება, როგორც მწვავე კორონარული სინდრომი (მწვ.კორ.სინ.). ეს ტერმინი აერთიანებს ისეთ კლინიკურ მდგომარეობას, როგორიც არის არასტაბილური სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი ( ST სეგმენტის ელევაციით და ელევაციის გარეშე). არასტაბილური სტენოკარდია გარდამავალი პერიოდია სტაბილურ სტენოკარდიასა და მიოკარდიუმის ინფარქტს (მ.ი.) შორის, რომელიც დაახლოებით 60%-ში გვხვდება.

რა იწვევს გულის იშემიურ დაავადებას?  

იშემია (ბერძნ. isho შევაკავებ, haima სისხლი) – სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ან ქსოვილის ლოკალური (ადგილობრივი) სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო. არტერიები სისხლის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას ვერ ახერხებს შევიწროების გამო, ეს კი ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაზიანებითაა გამოწვეული.

ათეროსკლეროზი ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის მოშლაა, რომელიც გამოიხატება ცხიმების დაგროვებით სისხლძარღვის შიგნითა ზედაპირზე, რასაც თან ახლავს სისხლძარღვის სანათურის შევიწროება და გართულებისას თრომბების წარმოქმნა.

ათეროსკლეროზის განვითარების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება, დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღება, ემოციური სტრესი და მემკვიდრული მიდრეკილება. ათეროსკლეროზი ყველა ორგანოს სისხლძარღვზე ვითარდება, მაგრამ რადგან გული ძალიან აქტიური ორგანოა და დიდი რაოდენობით სისხლი სჭირდება, ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაზიანება გამოვლინდება სწორედ მისი მკვებავი სისხლძარღვების – კორონარული არტერიების შევიწროვებით. ეს კი გულის კუნთის იშემიას იწვევს.

როგორ გამოვლინდება გიდ?

გულის კუნთის იშემიას პაციენტი გრძნობს შემდეგი ჩივილებით: ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც შესაძლოა, გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, ბეჭში ან ქვედა ყბაში; ზეწოლის ან წვის შეგრძნება გულმკერდის არეში; ჰაერის უკმარისობა; ტკივილს კუჭის არეში. ამ სიმპტომებს სტენოკარდია ჰქვია. შედარებით სტაბილური მიმდინარეობის დროს პაციენტს სტენოკარდია აღენიშნება მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვაზე, გრძელდება რამდენიმე წუთი და დასვენების შემდეგ, ან ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ ქრება. თუ სტენოკარდია გაჩნდა მოსვენებისას ან გაგრძელდა 20 წუთზე მეტ დროს, ეს მიუთითებს, რომ დაავადება არასტაბილურია და სწრაფად პროგრესირებს. სტენოკარდიული ჩივილების შემჩნევის შემთხვევაში, სერიოზული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს.

როგორ ხდება გიდ-ის დიაგნოსტიკა?

არსებობს გიდ-ის დიაგნოსტიკის არაინვაზიური (ანამნეზი, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი, ჰოლტერის მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევები) და ინვაზიური (სელექტიური კორონაროგრაფია, კატე-კორონაროგრაფია) მეთოდები.

სელექტიური კორონაროგრაფია, ანუ კორონარული არტერიების ანგიოგრაფია – „ოქროს“  სტანდარტი გიდ-ის დიაგნოსტიკაში, გულის მკვებავი სისხლძარღვების მაღალინფორმატიული კვლევის მეთოდია, რომელიც იძლევა პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  • გიდ-ის დიაგნოზის ვერიფიკაცია
  • სისხლძარღვის დაზიანების ზუსტი ლოკალიზაცია, ხასიათი და რაოდენობა
  • მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა (თერაპიული, ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება, თუ აორტო-კორონარული შუნტირება).

   კორონაროგრაფიის გამოჩენამ გიდ-ის დიაგნოსტიკაში, რომელიც ეტალონური მეთოდია, მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის სიკვდილიანობა და გააუმჯობესა სიცოცხლის ხარისხი..

როგორ და სად ტარდება კორონაროგრაფია? 

სელექტიური კორონაროგრაფია შედარებით უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია, რომელიც ტარდება სპეციალიზებულ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ინტერვნეციული კარდიოლოგის მიერ. ლიდოკაინით ან ნოვოკაინით ადგილობრივი გაუტკივარების შემდეგ, სხივის არტერიაში (ხელი, მაჯა) ნემსის ჩხვლეტის საშუალებით, იდგმება 2-მილიმეტრამდე დიამეტრის მქონე მილი, საიდანაც ხდება სხვადასხვა ხელსაწყოების ორგანიზმში შეყვანა. სისხლის დანაკარგი ამ დროს უმნიშვნელოა და არ აღემატება რამდენიმე მილილიტრს.

პაციენტს გამოკვლევის შემდეგ შეუძლია ადგეს და 2-3 საათში ჩვეულ ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.

სელექტიურ კორონაროგრაფიას აქვს თავისი გართულებები, თუმცა, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებისას, მათი სიხშირე ძალიან მცირეა.

აქვს თუ არა კორონაროგრაფიას უკუჩვენება?

კორონაროგრაფიას არ გააჩნია აბსოლუტური უკუჩვენება. გამოკვლევა შედარებით სიფრთხილით ტარდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ალერგია ლიდოკაინზე ან იოდზე, ახლო წარსულში გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, აღენიშნებათ თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა.

როგორია გიდ-ის მკურნალობის მეთოდები?

გულის არტერიებზე შევიწროების აღმოჩენის შემდეგ პაციენტთან ან მისი ოჯახის  წევრთან შეთანხმებით იგემება გულის იშემიის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი.

განარჩევენ გიდ-ის მკურნალობის შემდეგომ მეთოდებს:  თერაპიული ანუ მედიკამენტური – რომელიც მხოლოდ მცირედ აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას შევიწროებული სისხლძარღვის გავლით და ხელს უწყობს გულს, შეეგუოს სისხლის დეფიციტს. მაგრამ, მნიშვნელოვანი შევიწროების დროს, ეს ხშირად საკმარისი არ არის და მკურნალობის მიუხედავად, პაციენტს მაინც აწუხებს გულის იშემიის გამოვლინება – სტენოკარდია. არსებობს მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდი – სისხლძარღვის გამავლობის აღდგენის   ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება. სტენტირება   გიდ-ის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ისეთივე ტექნიკით სრულდება, როგორც კორონაროგრაფია. ამ მეთოდით ხდება შევიწროებული სისხლძარღვის სანათურის გაფართოება და მეტალის პროტეზის იმპლანტაცია.      პროცედურა ხშირად გრძელდება კორონაროგრაფიის შემდეგ იმავე ნაჩხვლეტიდან, საიდანაც სელექტიური კორონაროგრაფია ჩატარდა. ეს არ წარმოადგენს პაციენტისთვის მნიშვნელოვან დამატებით დისკომფორტს.

კორონაროგრაფია ყველაზე უკეთ ეხმარება პაციენტს დაადგინოს, რა ზიანი მიაყენა მის გულს არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა და ათეროსკლეროზმა. სტენტირებით მას საშუალება ეძლევა, გამოასწოროს დაავადების გამო შევიწროებული არტერიების მდგომარეობა და აღადგინოს გულის სისხლმომარაგება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!