ბლოგი

არტერიული ჰიპერტენზია – სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და მოსალოდნელი გართულებები

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს.  არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა განსაკუთრებით შესამჩნევია გაზაფხულზე. რა უნდა ვიცოდეთ არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, როგორ ხდება წნევის მონიტორინგი ბინაზე ან ამბულატორიულად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მოზრდილთა კარდიოლოგი ნინო ჯანაშია საუბრობს.

–  რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული, მსოფლიოში მეტად გავრცელებული დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნაადრევი ინვალიდობის და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს.

არტერიული ჰიპერტენზია განისაზღვრება, როგორც სისტოლური არტერიული წნევა (საწ)≥140mm Hg და / ან დიასტოლური არტერიული წნევა (დაწ) ≥ 90 mm.  ის მსოფლიო მოსახლეობის 30-45% მერყეობს, მცირედი პრევალირებით მამაკაცებში.

არტერიული ჰიპერტენზია არის რამდენიმეჯერ (კვირაში 2-3-ჯერ მაინც) დაფიქსირებული არტერიული წნევის მატება (≥140/90 mmHg). ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის არსებობას.

 

– არტერიული წნევის რა ციფრები ითვლება ნორმად და მომატებულად?

ოპტიმალური <120 და <80

ნორმალური 120 –129 და/ან 80 – 84

მაღალი ნორმალური 130 – 139 და/ან 85 – 89

I ხარისხის  ჰიპერტენზია 140 – 159 და/ან 90 – 99

II ხარისხის ჰიპერტენზია 160 – 179 და/ან 100 – 109

III ხარისხის ჰიპერტენზია ≥ 180 და/ან ≥ 110

იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია≥ 140 და <90.

რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპერტენზია?

არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე და ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა, ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს. თავდაპირველად პაციენტი სპეციფიკურ სიმპტომს არ უჩივის და როგორც წესი, წნევის შემთხვევით გასინჯვისას შენიშნავს. არტერიული წნევის მატება შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ადვილად დაღლით, ქოშინით, ჰაერის უკმარისობით, გულის ფრიალით ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ იგრძნოთ ტკივილი გულის არეში, პულსაცია კეფის მიდამოში. ახასიათებს ცხვირიდან სისხლდენა და კანის სიწითლე. კიდურების დაბუჟება.

 

– რა გართულებებია მოსალოდნელი არტერიული ჰიპერტენზიის დროს?

მაღალი და უკონტროლო არტერიული წნევის ფონზე შესაძლოა, სტრუქტურულად და/ან ფუნქციურად დაზიანდეს ე.წ. სამიზნე ორგანოები. ესენია: გული, თავის ტვინი, ბადურა, თირკმელი და ზოგადად, მთელი სისხლძარღვოვანი ხე.

შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე გაზრდილია ინსულტის, ინფარქტის, თირკმლის და გულის უკმარისობის შემთხვევები. სიმპტომებიც იმის მიხედვით ვლინდება, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული.

 

–  არტერიული ჰიპერტენზიის რა ფორმები არსებობს?

განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს (ესენციური ჰიპერტენზია), როცა დაავადების მიზეზი დაუდგენელია, ხოლო მეორეული ჰიპერტენზია ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ჰიპერტენზიის მკურნალობაში უმთავრესია ძირითადი დაავადების მკურნალობა. მის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.

მეორადი ჰიპერტენზია პაციენტებში უპირატესად <40 წლის ასაკში ვლინდება. ისინი ხასიათდებიან ჰიპერტენზიის ენდოკრინული გენეზის გამომწვევი მიზეზებით ან თირკმლის ქრონიკული დაავადებებით. მეორე ხარისხის ჰიპერტენზიით ან ნებისმიერი სხვა ხარისხის ჰიპერტენზიის განვითარების ეპიზოდებით ბავშვობაში. სამიზნე ორგანოების (გული, თირკმელი, ბადურა, თავის ტვინი) პროგრესირებადი დაზიანებით.

 

– რა მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ-ფაქტორებს?

რასა – დადგენილია, რომ ყველაზე მეტი საფრთხე აფროამერიკელებს ემუქრებათ. ისინი უფრო ადრეული ასაკიდან უჩივიან მაღალ წნევას, აქვთ წნევის უფრო მაღალი მაჩვენებლები და უფრო ძნელად ემორჩილებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

ასაკი – ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობა 55 წლიდან იმატებს, თუმცა, უფრო და უფრო ახალგაზრდავდება პრეჰიპერტონია (დაავადებისწინარე მდგომარეობა). მიზეზი, სავარაუდოდ,  ჭარბწონიანობაა.

სქესი – 55 წლამდე დაავადება მამაკაცებთან უფრო გვხვდება, 55 წლის შემდეგ კი ქალებთან ჭარბობს.

გენეტიკა – მათთან, ვისაც მაღალი წნევის ოჯახური ისტორია აქვს, ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მეტია.

ჭარბი წონა – ზედმეტი კილოგრამები სხვა პრობლემებთან ერთად წნევის მომატებასაც იწვევს. მაღალი წნევა ჭარბწონიანთა ნახევარს აწუხებს. ნორმალური წონის მქონე პირებში არტერიული ჰიპერტენზიით ავადობა ხუთჯერ უფრო იშვიათია.

კვების თავისებურება – დიდი რაოდენობით მარილის და მცირე რაოდენობით კალიუმის მიღება წნევის მატებას უწყობს ხელს.

მავნე ჩვევები – წნევაზე გავლენას ახდენს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ცხოვრების წესი – ადინამია, მცირე ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წონის მატებას. ის ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების საწინდარია.

თანმხლები დაავადებები – გულის ათეროსკლეროზული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ზრდის მისი განვითარების ალბათობას.

ფსიქო-სოციალური და სოციალ-ეკონომიკური ფაქტორები გულისცემის სიხშირე (მოსვენებით მდგომარეობაში >80წთ).

სტრესული სიტუაციის გადალახვის უუნარობა.

 

– როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა სწორად?

წნევის გაზომვის წინ გამოსაკვლევი პირი ან პაციენტი 5 წუთის განმავლობაში უნდა იჯდეს კომფორტულად, მშვიდ გარემოში.

არტერიული წნევა  უნდა გაიზომოს 2-ჯერ, 1-2 წუთის ინტერვალით.

ექიმთან პირველი ვიზიტის დროს  წნევა იზომება ორივე მხარზე, რათა განისაზღვროს განსხვავება წნევის მაჩვენებლებს შორის. უნდა ვიხელმძღვანელოთ დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლით.

პაციენტმა არ უნდა ილაპარაკოს და იმოძრაოს წნევის გაზომვის დროს.

 

– რას გულისხმობს სახლში არტერიული წნევის მონიტორინგი?

პაციენტმა წნევა უნდა გაიზომოს სულ მცირე 3 დღის განმავლობაში. კლინიკაში ვიზიტამდე სასურველია ზედიზედ 6-7 დღის განმავლობაში დილას და საღამოს, მშვიდ გარემოში, 5 წუთის შემდეგ მოსვენებიდან, მჯდომარე მდგომარეობაში, როდესაც მხრები და ზურგი დაფიქსირებულია. წნევა უნდა გაიზომოს ორჯერ, 1-2 წუთის მონაცვლეობით.

– როგორ ხდება ამბულატორიული წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა?

არტერიული წნევის უფრო ზუსტი შეფასებისთვის არსებობს არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგის აპარატი, რომელიც აანალიზებს არა მხოლოდ წნევის მომატების ხარისხს, არამედ მის ცვალებადობას დღისა და ღამის (ძილის დროს) განმავლობაში. არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი შესაძლებელია ამბულატორიულად (გაატანოთ თან). აღნიშნული მეთოდი გამოიყენება: წნევის დამწევი მედიკამენტის ჯგუფის და დოზის შერჩევის მიზნით; ასევე მედიკამენტის მიღების დროის შერჩევის მიზნით; დანიშნული მედიკამენტის ეფექტურობის ან  ნაკლებეფექტურობის დასადგენად; „თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებისთვის (წნევის მატება მხოლოდ ექიმთან ვიზიტის დროს).

 

– რას მოიცავს არტერიული ჰიპერტენზიის პრევენცია და მკურნალობა?

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ყველა ჯგუფის პაციენტებში მოიცავს ცხოვრების წესის მოდიფიცირებას  (ზოგჯერ მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლაც კი საკმარისია წნევის მოსაწესრიგებლად); წონის კონტროლი; რეგულარული ფიზიკური აქტივობები (სიარული, სირბილი 30-40 წუთის განმავლობაში კვირაში მინიმუმ 2-3ჯერ); თამბაქოს, ალკოჰოლის და სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა.

თუ წნევის მატების ეპიზოდი დაფიქსირდა, აუცილებელია სისტემატური კონტროლი – 2-ჯერ დღეში მაინც.

რომელ პრეპარატს უნდა მიენიჭოს უპირატესობა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ?

არტერიულ ჰიპერტენზიას შეიძლება ჰქონდეს მრავალი მიზეზი და მიმდინარეობდეს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებით. ამიტომ პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად – მიზეზის, დაავადების მიმდინარეობის და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატს უნდა ახასიათებდეს:  24-საათიანი ეფექტი; დადებითი მოქმედება დაავადების პროგნოზზე; მინიმალური გვერდითი მოვლენები.

ამ მოთხოვნებს გარკვეულწილად აკმაყოფილებენ ფიქსირებულდოზიანი კომბინაციები, ანუ პრეპარატები, რომლებიც ჰიპერტენზიის განვითარების სხვადასხვა მექანიზმზე მოქმედებს ერთდროულად.