გახანგრძლივებული ხველა – რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკული ხველის შესახებ?!
ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირა და მეტი პერიოდის განმავლობაში, მიიჩნევა ქრონიკულად.
ქრონიკული ხველის შესახებ გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი თერაპევტი ლელა გელაშვილი.
ხველა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ.
ხველა დამცველობითი რეაქციაა, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზების სანათურიდან გამღიზიანებლის მოსაცილებლად, ამიტომ შეიძლება იყოს სასარგებლოც, მაგრამ შეუჩერებელი ხველა გამოფიტავს ადამიანს, იწვევს კვების და ძილის დარღვევას, სხვადასხვა ტიპის გართულებას. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს და გახდეს რთულად სამართავი.
– რა არის გახანგრძლივებული ხველის მიზეზი?
უმეტესად გახანგრძლივებულ ხველას იწვევს შემდეგი პათოლოგიები :
- ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი (პოსტნაზალური წვეთი)
- ლორწოვანი გამონადენის ხახის უკანაკედელზე ჩადინება. ეს შეიძლება იყოს ცხვირ-ხახის, ფრონტალური სინუსების თუ ჰაიმორის წიაღების ანთებითი პროცესის შედეგი.
- ბრონქული ასთმა-სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, ახასიათებს მსტვინავი სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა, ხველის მორეციდივე ეპიზოდები. ხანდახან ხველა შეიძლება იყოს ერთადერთი სიმპტომი.
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი–კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის შიგთავსის საყლაპავ მილში პერიოდული გადასვლა. ტიპური სიმპტომებია გულძმარვა და მჟავას რეგურგიტაცია. ატიპური-გახანგრძლივებული ხველა.
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება –ხასიათდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვით, რომელიც სრულად შექცევადი არ არის. ვლინდება პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობით, ხველით და ნახველის ჭარბი პროდუქციით.
- მედიკამენტოზური (აგფ ინჰიბიტორი)-ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი, რომლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ვითარდება მშრალი ხველა.
- პოსტინფექციური ხველა – ვლინდება მწვავე რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ. ხველა გრძელდება 3-დან 8 კვირამდე, შესაძლოა ახლდეს ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილიან სხვა სიმპტომატიკა.
თუმცა, გასათვალისწინებელია გახანგრძლივებული ხველის გამომწვევი შედარებით იშვიათი დაავადებები: ფილტვის კიბო, სარკოიდოზი, ტუბერკულოზი, ფილტვის ინტერსტიციული ფიბროზი, ბრონქოექტაზია, Covid 19, გულ-მკერდის აორტის ანევრიზმა, ცენკერის დივერტიკული, ბრონქიოლიტი, ფსიქოგენური ხველა და სხვა.
ქრონიკული ხველის წარმატებული მკურნალობის გასაღები ძირითადი მიზეზის დადგენაშია.
შემთხვევათა დაახლოებით 80%- ში ხველის მიზეზი ერთი ნოზოლოგიაა.
– რას ურჩევთ მკითხველს, რა დროს უნდა მიმართონ ექიმს?
როდესაც საქმე ეხება ქრონიკულ ხველას, მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი.
ანამნეზის, სიმპტომების იდენტიფიცირების, ობიექტური შეფასების მიხედვით,ექიმი ადგენს გამოკვლევის გეგმას კონკრეტული პაციენტის მიხედვით. შესაძლოა, ეს იყოს წიაღების, გულ-მკერდის რენტგენოლოგიური/CT/MRI გამოკვლევა; სპირომეტრია, ბრონქოსკოპია, ენდოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა.
მნიშვნელოვანია საშიშროების ნიშნების დროული ამოცნობა. თუ თქვენ ხველასთან ერთად აღგენიშნებათ: ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა,ტკივილი გულ-მკერდში, დიდი რაოდენობით მოყვითალო-მომწვანო ფერის ნახველი, სისხლიანი ხველა,გულისრევა, ცხელება, წონაში კლება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობის საწინდარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა.
სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი კვება, მავნე ჩვევების აღმოფხვრა, მშვიდი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისათვის.
